ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნა
1917 წლის 11 ნოემბერს ტფილისში ამიერკავკასიის ყველა რევოლუციური ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკრება გაიმართა. სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) ლიდერმა ნოე ჟორდანიამ წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც განაცხადა, რომ უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ამიერკავკასიამ ხელჩაჭიდებულმა იარა რუსეთთან ერთად და თავს „რუსული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად“ თვლიდა.
„ახლა კი უბედურება დაგვატყდა თავს“, - განაგრძო მან, „რუსეთთან კავშირი გამწყდარია და ამიერკავკასია მარტოა დარჩენილი, ახლა ან ფეხზე უნდა დავდგეთ და თავი გადავირჩინოთ, ან ანარქია მოგვიღებს ბოლოს“.
შემდეგ ჟორდანიამ დამოუკიდებელი ადგილობრივი მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა, რომელიც ანარქიისგან დაიცავს ამიერკავკასიას და „კატასტროფული მდგომარეობიდან“ გამოიყვანს.
რუსეთიდან გამოყოფაზე ფიქრს ამ დროდმე ვერც ჟორდანია გაივლებდა აზრად და ვერც ვინმე სხვა, თუმცა ამიერკავკასიის პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა უარი თქვეს პეტროგრადის რეჟიმის აღიარებაზე და საბჭოების სამხარეო ცენტრმა დაგმო ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. საჯარისო კომიტეტმა კი, რომელიც ფრონტს წარმოადგენდა, დამსწრეთ რეზოლუციის იდეა გაატანინა, რომლის თანახმადაც ბოლშევიკური გადატრიალება ხალხის ნებაზე ძალადობა იყო. მხოლოდ კერენსკის მთავრობას აქვს უფლება, ეწერა რეზოლუციაში, მართოს ხალხის სახელით. ნებისმიერი სხვა მთავრობა რევოლუციის მიმართ მტრულ ძალას წარმოადგენდა.
***
ამიერკავკასიის კომისარიატი
ოთხ დღეში ასეთი მთავრობაც ჩამოყალიბდა. მას ამიერკავკასიის კომისარიატი ეწოდა. კომისარიატში სამი ქართველი, სამი აზერბაიჯანელი, სამი სომეხი და ორი რუსი შედიოდა. ევგენი გეგეჭკორი, ქართველი მენშევიკი, კომისარიატის თავმჯდომარედ და, ამასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა და შრომის კომისრად აირჩიეს. დანარჩენი კომისრები კი იყვნენ:
შინაგან საქმეთა კომისარი - ა. ჩხენკელი
ომის კომისარი - დ. დონსკოი
განათლების კომისარი - ალექსეევ-მესხიევი
ვაჭრობის და მრეწველობის კომისარი - მ. ჯაფაროვი
ტრანსპორტის კომისარი - ხ. მელიქ-ასლანოვი
სოფლის მეურნეობის კომისარი - ა. ნერუჩევი
სურსათით მომარაგების კომისარი - ა. ტერ-ღაზაროვი
სოციალური დაცვის კომისარი - ა. ოღაჯანიანი
სახელმწიფო კონტროლის კომისარი - ხ.-ბ ხას-მამედოვი
ამიერკავკასიის კომისარიატს, რომელმაც გაუქმებული „ოზაკომი“ ჩაანაცვლა, მემკვიდრეობად მის სუსტ მხარეთა დიდი ნაწილიც ერგო. „ოზაკომთან“ შედარებით, კომისარიატი უფრო წარმომადგენლობითი ორგანო იყო, რადგან მასში შედიოდნენ მენშევიკები, მუსავათისტები, დაშნაკები და ესერები. იგი უფრო ახლოს იდგა ხალხთან და ბევრიც იცოდა მისი იდეებისა და სურვილების შესახებ. მაგრამ, რაკი დროებით მთავრობად იყო ჩაფიქრებული, გამოკვეთილი პროგრამა არ გააჩნდა. ევგენი გეგეჭკორმა, კომისარიატის თავმჯდომარემ, მოგვიანებით თავადაც აღიარა ამ ორგანოს სისუსტე და არაქმედითუნარიანობა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი სამხედრო საქმეში სხვადასხვა ეროვნულ საბჭოზე იყო დამოკიდებული. კომისარიატს თითქმის არასდროს ჰყოლია საკუთარი ჯარი და არც საკუთარი დეკრეტების შესრულება შეეძლო, არც კანონისა და წესრიგის დამყარება ქვეყანაში.
ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია
ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით.
გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.