უმბერტო ეკო - საცდელი ნომერი
„საცდელი ნომერი“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა.
მილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია...
***
უნივერსიტეტში ყველაფერი ნორმალური სამყაროს საპირისპიროდ ხდება: შვილებს კი არ სძულთ მამები, არამედ მამებს შვილები.
***
[...]
ხელმოცარულებს, თვითნასწავლი ხალხისა არ იყოს, წარმატებულებზე მეტი ცოდნა აქვთ. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, დრო არ უნდა ფლანგო ყველაფრის სწავლაზე, მხოლოდ ერთი რამე უნდა ისწავლო. ერუდიციით მოგვრილი სიამოვნება ხელმოცარულთა ხვედრია. რაც მეტი იცის კაცმა, მით უკუღმა მიდის საქმე ცხოვრებაში.
***
***
***
გაზეთები ცრუობენ, ისტორიკოსები ცრუობენ, დღევანდელი ტელევიზია ცრუობს.
***
სიცრუეში ვცხოვრობთ და როცა იცი, რომ გატყუებენ, ეჭვით აღსავსემ უნდა იცხოვრო.
***
რეკლამა, როცა არ გატყუებს, უბრალოდ, დუმს.
***
ეჭვი არასდროსაა გაზვიადებული. უნდა ეჭვობდე, მუდამ ეჭვობდა, თუ გინდა, რომ სიმართლეს მიაგნო. განა მეცნიერებაც ამას არ ამბობს?
***
ამბები კი არ ქმნის გაზეთს, არამედ გაზეთი ქმნის ამბებს. და როდესაც შეგიძლია ოთხი ამბავი ერთად მოათავსო გაზეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველს მეხუთე ამბავიც შესთავაზო.
***
ავტორთან აღებული ინტერვიუ ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს. არც ერთი ავტორი არ ილაპარაკებს ცუდად საკუთარ წიგნზე, ამიტომ ჩვენს მკითხველს მკაცრი და მეტისმეტად პედანტური ლიტერატურული კრიტიკის საფრთხე არ ემუქრება.
შემდეგ, წიგნზე ბევრის ლაპარაკი არ არის საჭირო, სამაგიეროდ, ავტორი უნდა წარმოაჩინო თავისი აკვიატებებითა და სისუსტეებით, რატომაც არა.
***
***
თუ კაცს საკუთარი მოგონებები არ გაქვს, ხელოვნებას დაესესხები.
***
მკითხველი სწორედ ასეთ გამოთქმებს ელოდება, ასე მიაჩვიეს გაზეთებმა. მკითხველი მხოლოდ მაშინ ხვდება, რაზეა ლაპარაკი, თუ ვინმე ამბობს: „ჩიხში შევედით“, „მთავრობა ქამრის მოჭერას გვთხოვს“, „წინ ციცაბო აღმართია“, „პრეზიდენტი იარაღს აჩხარუნებს“, „წამზომი ჩაირთო“, „კუდიანების დევნა არას გვარგებს“, „თავს არ ავიტკივებთ“, „წყალი ყელამდე მოგვადგა“.
***
იდეოლოგიის უკანასკნელი დამცველები ხომ ყოველთვის ყველაზე შეურიგებლები არიან.
***
წაყენებული ბრალის უარსაყოფად დღეს აუცილებელი აღარ არის, ბრალის საპირისპირო ამტკიცო, საკმარისია, ბრალმდებელს ძირი გამოუთხარო.
***
დოსიეების ძალა იმაში გამოიხატება, რომ აუცილებელი არ არის, ვინმეს აჩვენო. საკმარისია, ხმა დაარხიო, რომ არსებობს და, ასე ვთქვათ, საინტერესო ამბებს შეიცავს. ტიპი, ვისზეც ეს დოსიეა იგებს, რომ მასზე ცნობები გაქვს, არ იცის, რა ცნობებია, მაგრამ თითო მიჩქმალული საიდუმლო ყველას აქვს და მახეშია გაბმული: როგორც კი რამეს მოსთხოვ, ბატკანივით მორჩილი გახდება.
***
როგორც წესი, ნამდვილი გაზეთისთვისაც ყველაზე ფრთხილი გამოსავალი გრძნობებზე თამაშია, შეგიძლია წახვიდე და ნათესავები გამოკითხო. თუ მიაქცევთ ყურადღებას, სწორედ ასე იქცევიან ტელევიზიები, როდესაც დედას მიადგებიან, რომლის ათი წლის შვილი მჟავათი სავსე კასრში გაადნეს: „ქალბატონო რა იგრძენით თქვენი შვილის სიკვდილის გამო?“.
ხალხს თვალები უწყლიანდება და ყველა კმაყოფილია. ერთი კარგი გერმანული სიტყვაა - Schadenfreude - სხვისი მწუხარებით ტკბობა.
***
პატიოსნებაზე აპელირება ყოველთვის კარგად იყიდება.
***
იმის შეგნება, რომ მხოლოდ შენ ჩასწვდი სიმართლეს, თავბრუს გახვევს ადამიანს.
***
ერთი ანეკდოტია ჰიტლერზე. არგენტინაში იმალება და ნეონაცისტები ცდილობენ, დაიყოლიონ, უკან დაბრუნდეს მსოფლიოს დასაპყრობად. ჰიტლერი დიდხანს ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია, რადგან იმ ასაკში აღარ არის, მაგრამ ბოლოს თანხმდება და ამბობს:
„კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ ამჯერად... ბოროტი ვიქნები, გასაგებია?“
***
გიჟი, რომელიც მოსაკლავად დაგეძებს, ისევე საშიშია, როგორც ჭკვიანი, და კიდევ უფრო საშიშიც.
***
ამ ქვეყანაში აღარაფერი გაკვირვებს. კაცმა რომ თქვას, ყველაფერი ვნახეთ, ბარბაროსთა შემოსევები, რომის დარბევა, სენიგალიის ხოცვა-ჟლეტა, პირველი მსოფლიო ომის ექვსასი მილიონი დაღუპული, მეორე მსოფლიო ომის კოშმარები, ახლა დიდი ამბავი, თუ ორმოცი წლის განმავლობაში სულ რაღაც რამდენიმე ასეული კაცი ავწიეთ ჰაერში.
საიდუმლო სამსახურების გადაგვარება? ბორჯებთან შედარებით, სასაცილო ამბავია. ჩვენ ხომ ხანჯლისა და საწამლავის ხალხი ვართ დასაბამიდან. აცრილები ვართ ყოველგვარ საშინელ ამბავზე, რაც უნდა გავიგოთ, ვამბობთ, რომ ამაზე უარესიც გაგვიგია, თანაც შეიძლება ესეც და სხვა ამბებიც ტყუილია. თუ ამერიკელები, ნახევარი ევროპის საიდუმლო სამსახურები, ჩვენი მთავრობა, გაზეთები გვატყუებენ, რატომ არ შეიძლება, „ბი-ბი-სიც“ ტყუოდეს.
ყოჩაღი მოქალაქის ერთადერთი ნამდვილი პრობლემა გადასახადებისგან თავის დაძვრენაა, ხოლო მთავრობას, რაც უნდა, ის უქნია, მაინც ძველებურად გააგრძელებს ჭამას.
ამინ!
***
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას შორის ბევრ ისეთ ქვეყანას იპოვნი, სადაც საიდუმლო არ არსებობს და ყველაფერი დღის სინათლეზე ხდება. იქ არაფერს მალავენ, ყველამ იცის, ვინ არის ნარკოკარტელის წევრი, ვინ ხელმძღვანელობს რევოლუციონერთა ბანდებს.
ჯდები რესტორანში, გამოივლიან მეგობრები და გაგაცნობენ ტიპს, როგორც იარაღის კონტრაბანდისტ ბოსს. გამოწკეპილია, პირგაპარსული, სუნამონაპკურები, შარვალზე გადმოშვებული გახამებული თეთრი პერანგით, ოფიციანტები სულ „ბატონობით“ ელაპარაკებიან, პოლიციის შეფი ხშირად ესტუმრება ხოლმე. ამ ქვეყნებში საიდუმლო არა აქვთ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია, პოლიცია რეგლამენტით ითხოვს, რომ მოქალაქემ ის გარყვნას, მთავრობა და დამნაშავეთა სამყარო ერთია კონსტიტუციის დიქტატით, ბანკები შავი ფულის გათეთრებით სულდგმულობენ და ვაი შენს ტყავს, თუ საეჭვო წარმომავლობის ფული არ მიაბარე, მწვანე ბარათს ჩამოგართმევენ.
ამ ქვეყნებში მკვლელობები ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთს ხოცავენ.
***
***
ცხოვრება ასატანია, საკმარისია, დასჯერდე. ხვალაც გათენდება ახალი დღე.
მთარგმნელი - დარეჯან კიკოლიაშვილი