იოსიფ ბროდსკი - ოდისევსი ტელემაქეს
ჩემო ტელემაქ, ტროას ომი უკვე დასრულდა.
ვინ გაიმარჯვა, აღარ მახსოვს, ალბათ ბერძნებმა:
ამდენი გვამის მიმოფანტვა უცხო მიწაზე,
ბერძნების გარდა, არავის ძალუძს. გზა შინისაკენ
გრძელი გამოდგა, თითქოს, სანამ იქ დროს ვფლანგავდით,
პოსეიდონმა საგანგებოდ გაჭიმა სივრცე.
მე აღარ ვიცი, სადა ვარ და ჩემს წინ რა არის:
რაღაც კუნძული ჭუჭყიანი, ეკალ-ბარდები,
ღორღი, ღრუტუნი ღორებისა, მთლად დაბურული
ბაღი და ვიღაც დედოფალი, ქვები, ლოდები...
ჩემო ტელემაქ, ერთმანეთს ჰგავს ყველა კუნძული,
როდესაც ამდენს მოგზაურობ, უკვე გერევა
ტვინში ტალღების სათვალავი, და ჰორიზონტი
მტვრად დალექილი თვალებს გიწვავს, გიცრემლიანებს
და ყურათასმენას მთლად გიხშობენ წლის არსებანი.
ჩემო ტელემაქ, გაიზარდა და დავაჟკაცდი,
მხოლოდ ღმერთები თუ უწყიან, შევხვდებით კვლავაც?
უკვე ის ბავშვი აღარა ხარ, რომლის წინაშეც
შმაგი ხარების დაოკება მომიხდა ერთხელ.
და პალამედე მიზეზად რომ არ გაგვხდომოდა,
ჩვენ ალბათ ერთად ვიცხოვრებდით. თუმცა ვინ იცის,
იქნებ ასე სჯობს, შენ უჩემოდ დაზღვეული ხარ
ოიდიპოსის ვნებათაგან, ჩემო ტელემაქ,
შენი სიზმრები უმანკო და უცოდველია.
მთარგმნელი - ვახუშტი კოტეტიშვილი