ლექსები | ჯელალ ედ-დინ რუმი

მე მხატვარი ვარ და თითო მოსმით
ძალმიძს, რომ შევქმნა სახეთა ჯარი,
მაგრამ, როდესაც შენ გამოჩნდები,
მათ ყველას ერთად წარიღებს ქარი.

ათასი სახე შევქმენი სრული,
ვნებით აღვანთე, შთავბერე სული,
მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად
მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი.

მერიქიფე ხარ მთვრალი და ლაღი,
თუ ჩემი მტრობის გულს გიწვავს დაღი,
ან იქნებ ის ხარ, ვინც დამინგრია
ქვითკირნაგები სასახლე მყარი.

თვით სული ჩემი, ვით ვთქვა ენითა,
დაიღვარა და შენ შეგენივთა,
ჩემს სულს შენ მიეც შენებრი ფშვენა,
ალერსით ასე მიტომ ვარ მკვდარი.

შენს ფერხთ ვარდნილი ამ სისხლის წვეთი
ღაღადებს: ქვეყნად რაღა მსურს მეტი,
მე შენი ტრფობის ფერი დამედო
და შენი ვნების მიბერავს ქარი.

ვარ წყლის და თიხის უშნო შენობა,
გულს მინგრევს სევდა და უშენობა,
ან შინ მეწვიე, ან მომიხდება
დავთმო ეს ჩემი სახლი და კარი.

***

მე დავიბენი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?
მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი, 
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?
უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?
განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი, 
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?
მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?
სინათლე ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?
უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენოდ ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?
შამსე თაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ჯერაც არ ვიცი, მე მე ვარ, თუ მე მე არ ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი? 
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ.

ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.
მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი, 
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ. 


***

ჰეი, რომელნიც ეძიებთ უფალს
სადღაც თქვენს მიღმა, სადღაც თქვენს იქით,
ვერსად იპოვით სხვაგან, რამეთუ
თქვენშია იგი, თქვენშია იგი.

თუ არაფერი არ დაგიკარგავთ,
ფუჭი ძიება რისთვის გარგიათ.
რატომღა უხმობთ, რატომღა ეძებთ
მას, რაც არასდროს არ დაგკარგვიათ.

თქვენ ხართ სახელი, თქვენა ხართ ასო,
თქვენა ხართ სიტყვა, თქვენა ხართ წიგნი
და ზეციერი მოციქულებიც
თქვენა ხართ მხოლოდ, თქვენსავე შიგნით.

თქვენა ხართ მოსე და მკლავი მისი,
თვით სასწაული და საოცრება,
თქვენ ხართ იესო, ცათა სიმაღლე 
და ქრისტიანი ბერის ოცნება.

თქვენ ხართ მგზავრი და თქვენვე მეგზური
და ყოველივე თქვენში ცხადდება. 
ხან ხართ ღვთაებრივ სახეთა ხილვა,
ხან მოამბენი ხართ მიწიერი.

ხან ფერი გაძევთ მღვრიე ნალექის 
ხან გაცისკროვნებთ შუქი ძლიერი.
იყუჩეთ, თქვენსავ სენაკს დასჯერდით
და გარე-გარე ნუ იარებით,

რამეთუ თქვენ ხართ სადგომი ღვთისა,
მას დიდ სიყვარულს ნაზიარები.
თქვენ ხართ არსიც და მისი ნიშანიც,
ზეცა და მიწა, მყიფე და მყარი.

მარადისობის არსი თქვენა ხართ
თვითონ სიკვდილის გარეშე მდგარი.
თუ გსურთ, რომ იგრძნოთ მიჯნურის ღაწვი
და ღვთაებრივი ისმინოთ ჰანგი,

გააპრიალეთ სარკე სულისა,
ჩამოაშორეთ ჭუჭყი და ჟანგი
რაც გეუბენით, იგი ყოველი
თქვენგნითვე ვცან და ვიჭეშმარიტე,

ამ არსებობით მოარსებენო,
სიუხვეს თქვენსას სიტყვა არ იტევს.
მიწის წიაღით ზეცათა მიღმა
განფენილია საუფლო თქვენი.

ხართ სიმაღლეთა გარდამეტება
გამოუთქმელი გონით და ენით.
ჭეშმარიტებით შთანაგონები
ის, რაიც რუმის ბაგეთგან ითქვა,

თქვენ ძალგიძთ ახსნათ და შეიმეცნოთ 
ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა.
შამსე თაბრიზი თუკი მეუფებს
სულის მეოხად, ბნელის ყადაღად,

დიდსულოვნების მაძიებელნო,
მოდით, სადა ხართ! მოდით, სადა ხართ! 

***

ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა, მწველი, მე და შენ.
ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ.
ბაღმა გვაპკურა უკვდავების წყაროს ცვარ-ნამი,
როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი მე და შენ.

ჩვენ სათვალთვალოდ აციმციმდნენ ცაზე ვარსკვლავნი,
ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ.
ორნი აღარ ვართ, შეგვანივთა სიამის ჟამმა
და დავუტოვეთ მჭმუნვარება ძველი მე და შენ.

ტრფობის წყურვილით დაიშრიტნენ ფრინველნი ცათა,
როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ.
ჰე, საოცრებავ, იმ წამს, როცა ერთად ვიყავით
და როცა გვწვავდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ.

შენ ხოროსანის ცა გფარავდა, მე კი ერაყის
და გვაშორებდა ჩვენ მანძილი, ვრცელი, მე და შენ.


მთარგმნელი - ვახუშტი კოტეტიშვილი