მარკ ტვენი - ჩემი დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე
ცამეტი წლის ასაკში ძალიან გონებამახვილი ბავშვი ვიყავი. არაჩვეულებრივად გონებამახვილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა მაშინ. სწორედ იმ პერიოდში დაიბეჭდა ჩემი პირველი წერილები, რომელთაც ისეთი სენსაცია გამოიწვიეს, რომ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. ღმერთმანი, დიდი სენსაცია იყო და, მართალი გითხრათ, თავიც დიდად მომქონდა.
იმხანად ბიძაჩემი ყოველკვირეულ გაზეთს სცემდა ჩვენთან, ჰანიბალში. მე მის სტამბაში ვმუშაობდი შეგირდად და საკმაოდ ნიჭიერ და ენერგიულ მოწაფედ მივაჩნდი ყველას (ჩვენს გაზეთს „ვიქლი ჰენიბელ ჯენელს“ ჰყავდა სულ ხუთასამდე ხელმომწერი, რომლებიც გაზეთის წლიურ ფასს - ორ დოლარს, როგორც წესი, წინასწარ იხდიდნენ ნატურით. ამაში შედიოდა შეშა და სხვადასხვა ბოსტნეული: კომბოსტო, გასაყიდად უვარგისი თალგამი და ა.შ.).
ჰოდა, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბიძაჩემმა რაღაც გადაუდებელი საქმის გამო ერთი კვირით დატოვა ქალაქი. წასვლის წინ დამიძახა და მკითხა, უჩემოდ ერთ ხეირიან ნომერს ვერ გამოუშვებო? ჰმ! ამას კითხვა უნდოდა? წავიდა თუ არა ბიძაჩემი, იმწამსვე შევუდექი საქმეს.
ჩვენს მოქიშპე გაზეთს ვინმე ჰიგინსი რედაქტორობდა. ჰოდა, ამ ვაჟბატონს ბოლო ხანებში ისე აერია სამიჯნურო საქმეები, რომ ერთ ღამეს მისმა უახლოესმა მეგობარმა, ჩვენი გულმოკლული რაინდის საწოლზე ღია წერილი იპოვა. წერილში ნათქვამი იყო, ამ ცხოვრების ატანა მე არ შემიძლია და დათვის ყურეში ვიხრჩობ თავსო. მეგობარი შეშინდა თურმე, იმწამსვე წყლისკენ გაიქცა და რას ხედავს? ეს ჩვენი ჰიგინსი უკან არ მოცურავს ნაპირისაკენ! გადამწყვეტ მომენტში გაეფიქრებინა - ქალის გულისთვის მაინც არ ღირს სიკვდილიო. მერე მთელ ქალაქს ამის მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ თვით ჰიგინსმა რა იცოდა. ჰოდა, ამაზე უკეთესს რას დავწერდი ჩემი გაზეთისათვის. არც ვაციე, არც ვაცხელე, იმწამსვე ჩავჯექი, რაც შეიძლებოდა გავბერე და შევალამაზე ეს ამბავი, თანაც ხეზე ჯიბის დანით ამოჭრილი უხამსი გრავიურებით დავასურათე. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახული იყო პერანგისამარა ჰიგინსი, რომელსაც ფარანი აენთო და ჯოხით წყლის სიღრმეს ზომავდა. მორალური თვალსაზრისით აქ ვერავითარ უხერხულობას ვერ ვხედავდი, თავად ამბავი კი ნამეტანი სასაცილოდ მეჩვენებოდა.
ამ წარმატებით გათამამებულმა, ახალი საკბილოსათვის ვჭყიტე თვალი. უცებ გავიფიქრე, მოდი ერთი, მეზობელი რაიონის გაზეთის რედაქტორს რაიმე დაუმსახურებელ სისაძაგლეს მივაწერ და მიწასთან გავასწორებ, მერე კი დავჯდები და სეირს ვუყურებ-მეთქი. ასეც მოვიქეცი, საგულდაგულოდ შევთითხნე პაროდია ლექსზე „სერ მურის დაკრძალვა“, და უნდა მოგახსენოთ, რომ მეტად მკვახე პაროდია გამოვიდა.
ამის შემდეგ, ორი ადგილობრივი გავლენიანი მოქალაქე ამოვიღე მიზანში და, იცოცხლეთ, მათ დღე ვაყარე! მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი მართლაც ამის ღირსნი იყვნენ, არამედ უბრალოდ, მინდოდა გამომეცოცხლებინა ჩემი გაზეთი.
ბოლოს კი ფრთხილად მივადექი ქვინსიდან ახლახან ჩამოსულ ერთ მდიდარ მკერავს, რომელიც იმხანად ჩამოსულ ერთ მდიდარ მკერავს, რომელიც იმხანად დიდ მოდაში იყო ჩვენში. იმისთანა წმინდა წყლის პრანჭიას და „მყვირალად“ ჩაცმულს მეორეს ვერ ნახავდით მთელ შტატში. თანაც ქალების მუსუსი იყო და ყოველ კვირას, თავის ყოველ ახალ გამარჯვებასთან დაკავშირებით, საოცრად გულისამრევ ლექსებს წერდა ჩვენი გაზეთისათვის. ჩემი ნომრისათვის მოტანილი ლექსები ასე იყო დასათაურებული „ჰ-ლ მერის“; რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავდა „ჰანიბალელ მერის“, მაგრამ მათ რომ ვაწყობდი, უცებ ჩემში იუმორის გრძნობამ იფეთქა და ასეთი შენიშვნა მივაწერე - „ამჯერად ვუშვებთ ამ ლექსებს, მაგრამ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი. ჩვენი აზრით, დროა, მისტერ ჯ. გორდონ რანილსმა ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს, რომ ყველა ზრუნავს საკუთარი გაზეთის რეპუტაციისათვის. ასე რომ, დღეის შემდეგ, როცა მას კიდევ მოეპრიანება თავის ჰ-ლ მეგობრებთან გასაუბრება, კეთილი ინებოს და სხვა რამ საშუალება გამოძებნოს, ვიდრე ჩვენი გაზეთის ფურცლები“.
გამოვიდა გაზეთი და გამოგიტყდებით, თავის დღეში არ მენახა ისეთ უბრალო რამეს, როგორიც იყო ჩემი საოხუნჯო ნაჯღაბნები, იმოდენა სენსაცია გამოეწვიოს.
„ჰენიბელ ჯენელი“ იმ დღეს ერთიანად დაიტაცეს - ასეთი რამ გაზეთს არასდროს ღირსებია. დილაადრიან შემოვარდა გააფთრებული ჰიგინსი ორპირიანი თოფით, მაგრამ როცა მარტო მე შევრჩი ხელში, ერთი კი დამჩხავლა, მაშ შენა ხარ ეს, შე ცინგლიანოო (სწორედ ასე მიწოდა). მერე ყური ამახია და წავიდა, იმდღესვე ხელი აიღო რედაქტორობაზე და სამუდამოდ გადაიკარგა. მკერავიც ასე მოიქცა. მოვარდა უთოთი და მაკრატლებით შეიარაღებული, ერთი ზიზღით შემომხედა და გატრიალდა. მერე გუდა-ნაბადი აიკრა და სამხრეთისაკენ გაუყვა. რაც შეეხება იმ ორ გავლენიან მოქალაქეს, ისინიც მოვიდნენ, რათა სარჩელი აღეძრათ ამ ენით უთქმელი ცილისწამებისათვის, მაგრამ დამინახეს თუ არა, ლაპარაკის ღირსადაც არ ჩამთვალეს და უსიტყვოდ გაბრუნდნენ. მეზობელი გაზეთის რედაქტორი ვოჰუპით შემოვარდა და, ეტყობოდა, რომ გულწრფელად მაპატია და მითხრა, ჩვენ შორის რომ ყოველგვარი მტრობა წაიშალოს, მოდი ერთი, ქვემოთ ჩავიდეთ აფთიაქში და მეგობრულად თითო ჭიქა „სასაქმებელი ზეთი“ გადავკრათო. აბა, ასეთი ხუმარა იყო ის შეჩვენებული!
ბიძაჩემი ძალიან გამიწყრა, როცა ჩამოვიდა და საკმაოდ უმიზეზოდაც, ჩემი აზრით, რადგან, ჯერ ერთი, მის გაზეთს არასდროს ღირსებია ასეთი პოპულარობა და მეორეც, კი არ უნდა გაბრაზებულიყო, არამედ უნდა ელოცა, იმ დროს რომ ქალაქში არ იყო, თორემ როგორ, განა თავად არ იცოდა, რომ სახელის გატეხვა, გასამართლება და თავში ცხელი ტყვია არ აცდებოდა? თუმცა ბოლოს მოლბა, რადგან დაინახა, რომ გაზეთს ოცდაცამეტამდე ახალი ხელისმომწერი შევძინე, რის დასამტკიცებლადაც იმდენი შეშა, კომბოსტო, ლობიო, უვარგისი თალგამი და სხვა სანოვაგე დავახვედრე, რამდენიც მის ოჯახს, სულ ცოტა, ორ წელიწადს მაინც ეყოფოდა.