პორტრეტი - კლოდ მონე
***
ბოდლერი 1859 წელს წერდა:
„ბუდენის მიერ შესრულებულ ზღვის ტალღებისა და ღრუბლების ჩანხატს ყოველთვის თან ახლავს წარწერები მინდორზე, რომლებიც გვაუწყებენ ჩანახატის შესრულების თარიღს, საათსა და ქარის მიმართულებას, რომელიც ამ დროს ქროდა. მაგრამ ამ წარწერას რომ ხელი დააფაროთ, ისედაც გამოიცნობთ დღესა და საათს და ქარის მიმართულებას“.
***
ცნობილია, რა რჩევა მისცა ბუდენმა მონეს:
„ყველაფერს, რაც ადგილზევეა დახატული, ყოველთვის ისეთი ძალა, სიმართლე და სიცოცხლე ახლავს, რასაც სახელოსნოს კედლებში ვერ იპოვნი“.
***
1859 წელს მონე პარიზში ჩავიდა, სადაც კურბეს, კოროს, დობინისა და მოგვიანებით მანეს ხელოვნებას გაეცნო. მონემ ღირსეულად შეაფასა მათი ფერწერა და საოცარი სისწრაფით გამოიყენა მათი მიღწევები, მაგრამ ისე, რომ შეინარჩუნა სრულიად დამოუკიდებელი პოზიცია, რაც მეამბოხის პოზიცია უფრო იყო, ვიდრე მიმდევრისა. მონემ არ ისურვა სწავლის ოფიციალური კურსის გავლა არც აკადემიაში, და არც გლეირის აკადემიაში, სადაც ცოტა ხანი დაჰყო 1863 წელს. გლეირის აკადემიაში მონემ თავისი მომავალი ამხანაგები - ბაზილი, სისლეი და რენუარი გაიცნო და შეაგულიანა ისინი, ხელი აეღოთ აკადემიაში მეცადინეობაზე; უფრო მეტიც - გლეირის სახელოსნოს დახურვის შემდეგ თან წაიყვანა ისინი შაიში, ფონტებლოს ტყესთან მდებარე სოფელში, რათა ღია ცის ქვეშ ეხატათ.
***
კლოდ მონე - „სენას შესართავი ონფლერში“, 1864 წ. |
1864 წელს მონემ დახატა „სენას შესართავი ონფლერში“. ეს სურათი პირველად 1865 წელს გამოფინეს სალონში და საკმაოდ დიდი წარმატებაც ხვდა წილად. პოლ მანტცმა აღნიშნა მისი „ჰარმონიული კოლორიტი, რასაც ტონების ანალოგია ქმნის... და გაბედული აღქმა, რომელსაც ძალუძს მაყურებელი გაიტაცოს“.
***
კლოდ მონე - „საუზმე ბალახზე“ |
კლოდ მონე - „კამილა, ანუ მწვანით მოსილი ქალი“, 1866 წ. |
შემდეგ, 1866 წელს, მან რამდენიმე დღეში დახატა და გამოფინა „კამილა, ანუ მწვანით მოსილი ქალი“ - თავისი საცოლის პორტრეტი. ამ პორტრეტმა კამათი გამოიწვია, მაგრამ, საერთოდ, მოწონება დაიმსახურა; ეს სურათი მანესაც კი შეადარეს. სინამდვილეში კი აქ კურბეს გავლენა უფრო იგრძნობოდა როგორც ფერში, ისე მოდელის პოზაში, რომელიც კურბეს „მხატვრის სახელოსნოს“ მაღალი წრის „ხელოვნების მოყვარულთა“ ჯგუფის ერთ-ერთ ქალს მოგვაგონებს.
***
კლოდ მონე - „ქალი ბაღში“, 1867 წ. |
იმისთვის, რომ ვიგრძნოთ წინასწარმეტყველური აზრი სურათისა - „ქალი ბაღში“, საკმარისია შევადაროთ იგი სურათს „ოჯახური შეხვედრა“ (იმპრესიონიზმის მუზეუმი, პარიზი), რომელცი იმავე წელს დახატა ჟან ფრედერიკ ბაზილმა (1841-1870), მონეს ყველაზე ახლო მეგობარმა და თაყვანისმცემელმა.
ჟან ფრედერიკ ბაზილმა - „ოჯახური შეხვედრა“, 1867 წ. |
ბაზილი (რომელიც მონესთან ერთად სწავლობდა გლეირის აკადემიაში) ნიჭიერი და კულტურული მხატვარი იყო, მაგრამ მას, მონესთან შედარებით, ღარიბი პალიტრა ჰქონდა. იგი არ უარყოფდა პლასტიკას და, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ფერით სარგებლობდა, უკიდურეს დასკვნამდე არ მისულა. ამიტომ, მისი სურათი - „ოჯახური შეხვედრა“, დაიხატა თუ არა, უკვე წარსულს ეკუთვნოდა.
კლოდ მონე - „რეგატა“, 1867 წ. |
1867 წელს მონე ერთდროულად მუშაობდა თითქმის ოც სურათზე: ეს იყო პორტრეტები, ბაღები, ნიჩნობსნების შეჯიბრება, ჰავრის ხედები.
ერთი წლის შემდეგ იგი ფეკანიდან სწერდა ბაზილს:
„პარიზში, რაგინდ ძლიერი მხატვარიც არ უნდა იყო, გნთქავს ის, რასაც ხედავ და რაც გესმის. აქ მე ერთი უპირატესობა მაინცა მაქვს: შემიძლია ვხატო ის, რაც სხვას არაფერს ჰგავს - ეს იქნება ჩემი საკუთარი შეგრძნებების უბრალო გამოხატულება. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ რაღაც ვიცი მხატვრობაში, და სწორედ ეს მიშლის ხელს“.
***
1867 წელს, სალონის ჟიურის ძალაუფლებისაგან თავის დაღწევის მიზნით მონემ და ბაზილმა გადაწყვიტეს თავიანთი სურათების დამოუკიდებელი გამოფენა მოეწყოთ, მაგრამ განზრახვა ვერ განახორციელეს. 1873 წელს, მას შემდეგ, რაც ბაზილი ომში დაიღუპა, მონე კვლავ დაუბრუნდა ამ პროექტს, რათა მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან ეხსნა თავი.
მიუხედავად კრიტიკოს დიურეს და მანეს სიტყვიერი წინააღმდეგობისა, მონემ და მისმა ამხანაგებმა, დეგასა და სხვა მხატვრებთან ერთად, 1874 წელს მოაწყვეს „დამოუკიდებელთა“ გამოფენა, რომელიც ისტორიაში შევიდა იმპრესიონისტების პირველი გამოფენის სახელით.
კლოდ მონე - „შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა“ |
იმპრესიონისტები ამ მხატვრებს იმიტომ შეარქვეს, რომ მონეს ერთ-ერთ სურათს ეწოდებოდა „Impression. Soleil levant“ („შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა“).
ამ გამოფენების ბედი, რომლებიც შემდგომშიც, 1876 და 1877 წლებშიც განმეორდა, ცნობილია: „დამოუკიდებელთა“ გამოფენებს სკანდალი და მატერიალური კრახი მოჰყვა. მაგრამ, მათი წყალობით, საზოგადოება გაეცნო იმპრესიონისტული აღქმის ახალ ხერხს. ცნობილია, აგრეთვე, რომ თანამეგობრობა მხატვრებისა, რომელიც 1874 წელს წარმოიშვა, თანდათან დაიშალა 1877 წლის შემდეგ, თუმცა მათი გამოფენები1886 წლამდე არ შეწყვეტილა.
***
სეზანს ეკუთვნის ფრაზა:
„მონე - ეს მხოლოდ თვალია, მაგრამ ღმერთო ჩემო, როგორი თვალი“.
***
მონემ ასეთი რამ აღიარა კლემანსოს წინაშე:
„ერთხელ, როდესაც მიცვალებული ქალის სასთუმალთან ვიდექი, ქალისა, რომელიც უსაზღვროდ ძვირფასი იყო ჩემთვის, უეცრად ჩემი თავი დავიჭირე, რომ მიცვალებულის ტრაგიკული შუბლის შემყურე, მექანიკურად დავეძებდი ამ შუბლზე კოლორიტის თანდათანობითი დეგრადაციის კვალს, რაც სიკვდილმა გამოიწვია ამ უძრავ სახეზე. ეს იყო ლურჯის, ყვითლის, ნაცრისფერის სხვადასხვა ელფერი, და, აღარც კი მახსოვს, კიდევ რა ფერებისა. აი სადამდე მივედი... აი როგორ გამოძახილს პოულობს ჩვენს არსებაში, ჩვენთვის დამახასიათებელი ავტომატიზმის გავლენით, ფერის მოქმდება. შემდეგ კი ჩვენი რეფლექსები, ჩვენი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, ისევ გვითრევენ ერთფეროვნად მიმდინარე ცხოვრების შეუცნობელ პროცესში, როგორც პირუტყვს, რომელიც წისქვილის დოლაბს ატრიალებს“.
***
1880 წელს მონემ მიატოვა იმპრესიონისტების ჯგუფი და თავისი სურათები სალონში გამოფინა. ამან საშინლად აღაშფოთა დეგა, რომელმაც მონეს „აღვირახსნილი რეკლამისკენ“ მისწრაფება დასდო ბრალად.
ინტერვიუში, რომელიც მონემ ტაბუროს მისცა 1880 წელს, იგი ამაყი და განკერძოებული ადამიანის ტონით აცხადებს:
„მე იმპრესიონისტი ვარ... მაგრამ ახლა იშვიათად ვხვდები ჩემს ამხანაგებს, კაცებსა და ქალებს. პატარა მრევლი სახელოსნო სასწავლებლად იქცა, რომელიც მჯღაბნელს ურებს კარს“.
[...]
იმავე 1880 წელს ზოლა აღნიშნავს, იმპრესიონისტების მოძრაობამ „როგორც ჩანს, მოსჭამა თავისი დროო“ და ასე ხსნის ამ სკოლის კრახს:
„დიდ უბედურებად მიმაჩნია, რომ ამ სკოლის ვერც ერთმა მხატვარმა ვერ შეძლო მძლავრად და საბოლოოდ ჩამოეყალიბებინა და განეხორციელებინა ახალი ფორმულა, რომელიც საერთო იქნებოდა თითოეული მათგანისთვის. ეს ფორმულა უმცირეს ნაწილაკებამდეა დაქუცმაცებული და არსად, არც ერთი მხატვრის ნახატში არ იგრძნობა მისი გამოყენების დროს ოსტატის ხელი“.
რა უნდა გააკეთოს ამ „ოსტატმა“ ზოლა მიუთითებს 1886 წელს დაწერილ თავის რომანში, რომელსაც „შემოქმედება“ უწოდა:
„მხატვარ ლანტიეს სურს ასახოს მთელი თანამედროვე ცხოვრება, შექმნას პანთეონივით დიდებული ფრესკები, ტილოების ჯოჯოხეთური სერია, რათა ლუვრი ააფეთქოს“.
ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.