ემილ ჩორანი - ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე

რუმინული წარმოშობის ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოაზროვნის, ემილ ჩორანის (1911-1995) წიგნში „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ მცირე ზომის ჩანაწერებია გაერთიანებული. 

ზოგადად, აფორიზმი ჩორანის საყვარელი ფორმაა, „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ კი - მისი აფორიზმებისა და ჩანაწერების გამორჩეული კრებული. იგი თავად ავტორსაც განსაკუთრებულად უყვარდა. ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც: 

„ამ წიგნში, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ გვერდზე გადაშალოთ, წიგნში, რომლის ბოლომდე წაკითხვაც აუცილებელი არაა, ყველა სიტყვას ვეთანხმები“. 

ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ ჩანაწერებში ყველაზე კარგად ჩანს მწერლის დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რომლებიც მუდმივად აძლევდნენ სააზროვნო იმპულსებს და ყოფნა-არყოფნის დარ ძველისძველ დილემებთან აბრუნებდნენ.

***

ყველაზე საიმედო საშუალება, რომ არ შეცდე, არის ის, რომ უეჭველობას უეჭველობაზე უთხარო ძირი. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, ეჭვის მიღმაა შექმნილი.

***

ჩვენ სიკვდილისკენ არ გავრბივართ, ჩვენ დაბადების კატასტროფისგან ვილტვით, ერთმანეთს ვახტებით - ლტოლვილები, რომლებიც დავიწყებას ცდილობენ. სიკვდილის შიში მხოლოდ მომავლისკენ მიმართული პროექციაა შიშისა, რომელიც სათავეს ჩვენი დაბადების პირველივე წამიდან იღებს.

ფაქტია, ძალიანაც არ მოგვწონს, დაბადებაში ჭირსა და უბედურებას ვხედავდეთ. განა თავში არ ჩაგვიბეჭდეს, რომ ის იყო უმაღლესი სიკეთე, რომ ყველაზე უარესი ჩვენი კარიერის ბოლოსაა და არა მის დასაწყისში? თუმცაღა ბოროტება, ნამდვილი ბოროტება, ჩვენ უკანაა და არა ჩვენ წინ. სწორედ ესაა, რაც გამორჩა ქრისტეს და ბუდა მიხვდა: „ამ ქვეყანაზე სამი რამ რომ არ არსებულიყო, ო, მოწაფენო, ქვეყანას სრულყოფილი ვერ მოევლინებოდა...” და მოხუცებულობისა და სიკვდილის წინ ის აყენებს დაბადების ფაქტს - ყველა სისუსტისა და უბედურების სათავეს.

***

აუცილებელი არაა, წიგნზე მუშაობისას თავს ძალას ატანდე, მხოლოდ იმის თქმაა საჭირო, ლოთის ან მომაკვდავის ყურში ჩაჩურჩულებად რომ ღირდეს.

***

აუჯანყდე მემკვიდრეობას - ნიშნავს, აჯანყდე მილიარდობით წლის წინააღმდეგ, პირველი უჯრედის წინააღმდეგ.

***

ის, რაც ჩვენში თანაგრძნობას ვეღარ აღძრავს, აღარც ითვლება და აღარც არსებობს. აქვე ვხვდებით, თუ რატომ წყვეტს ასე სწრაფად ჩვენი წარსული ჩვენად ყოფნას - რათა ისტორიად იქცეს, ისეთ რამედ, რაც უკვე აღარავის ეხება.

***

როგორც წესი, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი მოკლებულია მდგრადობას, საფუძველსა და გამართლებას, ვინმეს შეწინააღმდეგება რომ გაებედა, თუნდაც ის ადამიანი ყოფილიყო, ვისაც ყველაზე მეტად ვაფასებ, მაშინვე შარლატანად და ჭკუათხელად წარმომიდგებოდა.

***

სიკვდილს მხოლოდ უარყოფითი მხარეები რომ ჰქონდეს, კვდომა განუხორციელებელი აქტი იქნებოდა.

***

როცა ყველაფერი ცუდადაა და საკუთარი ტვინის შეცოდებას ვიწყებ, დაუოკებელი სურვილი მიპყრობს, ქვეყნიერებას განცხადებებით მივმართო. აი, სწორედ მაშინ ვხვდები, თუ რა უბადრუკი უფსკრულებიდან ძვრებიან რეფორმატორები, წინასწარმეტყველები და მხსნელები.

***

ის, რომ ცხადში ამდენი გაუგებრობა და უსიამოვნება აღწევს, ჩვენი უძილო ღამეების უხეირო გამოყენების შედეგია.

***

ყოველი მხრიდან გვესმის, რომ თუნდაც ყველაფერი ამაო იყოს, კარგად აკეთებდე იმას, რასაც აკეთებ - ამაო არ არის. მაგრამ ესეც ამაოა. იმისათვის, რომ ამ დასკვნამდე მიხვიდე და ბოლომდე გაუძლო მას, აუცილებელია, არანაირი პროფესია არ გქონდეს, ან უკიდურეს შემთხვევაში, მეფე იყო, სოლომონივით.

***

სამოთხე აუტანელი იყო, თორემ პირველი ადამიანი მას როგორღაც შეეწყობოდა. ეს სამყაროც ასეთია, რადგან ან სამოთხეს მივტირით, ან სხვა სამოთხის იმედი გვაქვს. რა ვქნათ? საით წავიდეთ? მარტივად, არც არაფერი ვქნათ და არც არსად წავიდეთ.

***

ჩვენს ტკივილებს სხვას მხოლოდ იმიტომ ვუზიარებთ, რომ მასაც განვაცდევინოთ ტკივილი - თავის თავზე ავაღებინოთ. გულის მოგება რომ გვნდომებოდა, მას მხოლოდ ჩვენი აბსტრაქტული ტანჯვის მოზიარედ გავხდიდით - აი, ამას კი სიხარულით თანხმდებიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ.


ფრანგულიდან თარგმნა - ილია ბაწაშვილმა