ბლიცერატურა #6 - თორნიკე ჭელიძე

ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ თორნიკე ჭელიძესთან.
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი

***

პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ.

არ მახსოვს, ალბათ რაიმე ზღაპარი იქნებოდა.

პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...

ბევრია ასეთი პერსონაჟი, განსაკუთრებით კნუტ ჰამსუნის „მისტერიებიდან“ იოჰან ნაგელი.

წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ...

ძირითადად ალბათ ლათინოამერიკელი მწერლების ტექსტები, მაგრამ ბოლო წლებში ერთ-ერთი ასეთი, ქართული წიგნიც იყო, ზაზა თვარაძის „სიტყვები“.

პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ... 

ბევრ პერსონაჟს. აქ მთავარი იმის გარკვევაა, მართლა ვამსგავსებ, თუ მინდა ვგავდე. ისევ და ისევ, რადგან აკვიატებული მყავს, ალბათ ჰანს ნაგელს ვამსგავსებ მის ხშირ შემთხვევაში ბევრი ტიპის კონტექსტიდან ამოვარდნილობაში, ახირებულ ხასიათში და ბუნდოვანებაში. და ეს ყველაფერი, არ მიხარია, სამწუხაროდ.

ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით... 

არცერთს შეცვლიდი. შეცვლა მხოლოდ ჩემთვის უფრო მისაღები და მოსაწონი ვარიანტის რეალობად ქცევა იქნებოდა, მაგრამ დაიკარგებოდა ის შესაძლებელი დასასრული, რაც ახლა აქვს ნებისმიერ ტექსტს. უბრალოდ, როცა ვკითხულობ რაიმეს, დასაწყისშიც, შუა ნაწილშიც, ფინალშიც, წარმოვიდგენ ხოლმე, მერას ამოვაკლებდი, რას დავამატებდი და ა.შ. თუმცა, თუ რეალურად მექნებოდა შეცვლის შესაძლებლობა, არსად არაფერს შევცვლიდი.

წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით... 

კობო აბეს „ქალი ქვიშაში“. იმიტომ, რომ ახლაც ბევრი რამ არ მახსოვს ნაწარმოებისგან, გარდა შეგრძნების, რომ მთელი ყოველდღიურობა, სხეული, პირი ქვიშით მაქვს სავსე და ეს ქვიშა უსასრულოა, მცოცავი და მოძრავი, როგორც ზღვა. ალბათ ავტორის ჩანაფიქრიც ეს იყო. დარჩენოდა მკითხველს ეს შეგრძნება. ეს იყო სათქმელი. ამას დავივიწყებდი.

ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით... 

გადავიღებდი ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“. ჩემს მოსწავლეებს აინტერესებთ ძალიან მისი ეკრანიზაცია.

ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...

მუსიკა მაინც უფრო ალბათ პოეზიაშია. მუსიკა, როგორც ევფონია. თუმცა პროზაშიც, არაპირდაპირი გაგებით არის მუსიკა, როგორც რაღაც ნარატივი. პოეზიაში ალბათ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი არის განსაკუთრებით მუსიკალური, ბროდსკის ლექსები. პროზაში ფოლკნერია მუსიკა ჩემთვის, მარკესი. მარკესს რომ ვკითხულობ, მგონია დემიენ მარლის ვუსმენ.

წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...

ჩემი მომავალი წიგნი, ლექსების კრებული, მინდა რომ იყოს ჩემი დაწერილი.

რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას? 

სემუელ ბეკეტის „მოლოის“ სამყაროს ვამსგავსებ ჩემსას. ზოგჯერ, ძალიან ხშირადაც, ყველაფერი ისეა, როგორც იმ ტექსტში. აბსურდის აბსურდი. ამაში არაა პათეტიკა. ეს უბრალო მოცემულობაა, რეალობა. მუდმივი სვლა წინ, არარსებული ბ პუნქტისკენ, უფრო სწორად, გაუაზრებელი, დავიწყებული ბ პუნქტისკენ. ან ილუზია იმის, რომ ბ პუნქტი არსებობს. ილუზია იმის, რომ ის მაინც გახსოვს, საიდან წამოხვედი.

რომელი ნაწარმოების და რომელი პერსონაჟი იქნებოდით?

პატარა უფლისწული ვიქნებოდი. იმიტო არა, რო ქერათმიანი საყვარელი ბიჭია. თავიდანვე ბევრ რამეს მიხვდა და ამიტომ.

რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ? 

არცერთის ალბათ. ისინი ვერაფერს ცვლიან ვერც თავის ბედნიერებაში, ვერც უბედურებაში. ათასების თვალებქვეშ ათასჯერ გადიან ერთსა და იმავე გზას. არასდროს ვისურვებდი ორჯერ ცხოვრებას. ძალიან მომაბეზრებელი იქნებოდა.

ბუკინისტები და ბუკინისტური წიგნები...

ბუკინისტებთან ადრე უფრო ხშირად მქონდა კავშირი, როცა სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტიდან გამოსული, პირველი მათთან ჩავივლიდი და წიგნებს ვათვალიერებდი, ვეკითხებოდი რა მოიტანეს, რა გაიყიდა და ა.შ. ახლა ნაკლებად. ზოგადად თვითონაც წიგნებივით არიან ეს ადამიანები. პორტალიდან შემოსულებს ჰგვანან ამ რეალობაში. გაიხედავ - ოფისია, 3დ პრინტერი უდგათ, ილონ მასკს ესაუბრებიან სკაიპით, პიქსელების დაშლა-აწყობის პროექტზე მუშაობენ და აგერ გარეთ კაცი დგას, 90-იანი წლების სამოსი აცვია, კიდევ უფრო დიდი ხნის წინ გამოცემული წიგნები უწყვია დახლზე. ძალიან მომწონს.

ყველაზე დასამახსოვრებელი წარწერა წიგნზე...

მამაჩემის მიერ დაწერილი; „თოკოს მამიკოსაგან, 12. 2001წ.“.

აკვიატებული წიგნი...

ძალიან ბევრია ასეთი. სხვადასხვა დროს - სხვადასხვა. ზოგი უბრალოდ მხატვრული, ესთეტური სიამოვნების გამო, ზოგიც - სტატიის დასაწერად მჭირდება, ან სკოლის საქმეებისთვის.

წიგნი, რომლის შოვნა ყველაზე მეტად გაგიჭირდათ...

ზვიად რატიანის „ნეგატივი“.

ნათხოვები, „ანუ მოპარული“ წიგნი... 

ერთხელ ზურაბ კიკნაძემ თქვა, - მიყვარს წიგნებს როცა სხვას ვაძლევ დროებით, მაგრამ სულ იმაზე ვწუხვარ, სანამ დამიბრუნებს, რომ ეს წიგნი ჩემს სახლში არ ათევს ღამესო, - ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა. მე თვითონ, თუ ვინმესგან ვითხოვებ ხოლმე წიგნს, აუცილებლად ვუბრუნებ.