გუსტავ ფლობერი - მადამ ბოვარი

გუსტავ ფლობერმა „მადამ ბოვარის“ მთელი ხუთი წელიწადი შეალია. 

„ნუთუ ოდესმე მიხვდებიან, რა რთულია ეს უბრალოება და რამდენი ფანდია საჭირო, რომ მართალი იყო“, - წერდა რომანზე მუშაობისას. 

იოლი მართლაც ვერ იქნებოდა, მკითხველამდე მთელი სირთულით მიეტანა იმდროინდელი საფრანგეთის მორალი, საზოგადოების ყოფა, ოჯახურ ურთიერთობათა მანკიერებანი...

***

ემა ერთობ კარგად იცნობდა სოფელს: იცნობდა ფარის ბღავილს, ძროხის საწველ დერგს, გუთანს. სოფლის სიმშვიდეს მიჩვეული, ამიტომაც ელტვოდა ყოველივე უჩვეულოს. თუ ზღვა იქნებოდა, აუცილებლად ბობოქარი უნდა ყოფილიყო, ბალახი იქნებოდა და აუცილებლად ნანგრევებს შორის ამოსული. უნდოდა, საგანთა ჭვრეტისგან პირადი სარგებლობა გამოეტანა და უარყოფდა ყველაფერს, ვით უსარგებლოს, რაც მის გულს უშუალო საკვებად არ გამოადგებოდა, რაკი ტემპერამენტით უფრო სენტიმენტალისტი იყო, ვიდრე ხელოვანი, განცდათა მაძიებელი და არა მჭვრეტელი.

***

შარლმა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი იცოდა, მისი ენა თითქოს გზატკეცილი იყო, რომელზეც უბრალოდ ჩაცმული სხვისი აზრები დადიოდნენ, ისე, რომ არც მღელვარებას აღძრავდნენ და არც სიხარულს თუ ოცნებას.

***

ემამ მოწიწებით ჩადო კომოდში თავისი მშვენიერი სამოსი და ატლასის ფეხსაცმელი, ლანჩები რომ პარკეტის სანთლით გაჰყვითლებოდა. მისი გულიც ამ ფეხსაცმელებივით იყო: ფუფუნებას რომ მიეკარა, რაღაც ისეთი მიეცხო, რაც აღარ მოსცილდებოდა.

***

ნეტავ როგორია ეს პარიზი? რა უსაზღვრო სახელია! ჩურჩულით იმეორებდა ამ სახელს, რათა სიამე ეგემა. საკათედრო ტაძრის ზარივით გუგუნებდა იგი მის ყურებში, თვალთა წინაშე ულაპლაპებდა ყველგან - თვით სუნამოების ეტიკეტებზეც კი.

***

პარიზი, უფრო ვრცელი, ვიდრე ოკეანე, ემას თვალს ვარდისფერ ბურუსში გახვეული ეჩვენებოდა. სისხლსავსე ცხოვრება, ამ ორომტრიალში რომ დუღდა, დაყოფილი იყო ნაწილებად, ჩარიგებული მკაფიო სურათებად. ემა მათ შორის არჩევდა მხოლოდ ორს ან სამს, რომელიც დანარჩენებს ფარავდა და რომელიც თავისთავად მთელ კაცობრიობას წარმოადგენდა.

დიპლომატების სამყარო გაპრიალებულ პარკეტზე დადიოდა, სარკეებით მორთულ დარბაზებში, მრგვალ მაგიდებს შორის, ოქროსფერფოჩებიანი ხავერდი რომ ფარავს. იქ შრიალებდა გრძელბოლოიანი კაბები და სუფევდა დიდი იდუმალება, ღიმილით დაფარული შეშფოთება. შემდეგ ჰერცოგების საზოგადოება მოდიოდა; ესენი ფერმკრთალები იყვნენ, ოთხ საათზე დგებოდნენ.

ქალები, საბრალო არსებანი, კაბის ქობაზე ინგლისურ არშიებს ატარებდნენ, ვაჟები კი, აუღიარებელი ნიჭისა და ფუქსავატი გარეგნობისანი, თავიანთ ცხენებს სეირის გულისთვის ღუპავენ, ზაფხულს ბადენ-ბადენში ატარებენ და ბოლოს, ორმოცი წლისანი მზითვიან ქალებს ირთავენ.

სანთლებით გაბრდღვიალებულ რესტორნების კაბინეტებში ლიტერატორები და მსახიობი ქალები მხიარულობენ. უდიდესი პატივმოყვარეობით აღსავსე და გიჟურ ოცნებას აყოლილი ლიტერატორები მეფეებივით მფლანგველები არიან. ისინი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგანან, ცასა და დედამიწას შუა, ღრუბლებში დაფრინავენ. არის მათში რაღაც არაამქვეყნიური.

სხვა ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული, უადგილო იყო, თითქოს არც კი არსებობსო.

***

განა სიყვარულს, ისე, ვით ინდოეთის ფლორას, საგანგებოდ შემზადებული ნიადაგი და განსაკუთრებული ჰავა არ სჭირდება?

***

სხვათა ცხოვრება, რაგინდ უფერული იყოს, რაღაცის მოლოდინს მაინც შეიცავს.

***

მე მაქვს სარწმუნოება, ჩემი სარწმუნოება, და მეტიც, ვიდრე სხვებს, მთელი მათი პირმოთნეობითა და ჯამბაზობით. პირიქით, მე მიყვარს ღმერთი! მე მწამს არსი უზენაესი, შემოქმედი. ჩემთვის სულერთია, როგორიც უნდა იყოს იგი. მე მწამს იგი, ვინც გაგვაჩინა და მოგვავლინა, რათა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობანი მოქალაქისა და ოჯახის მამისა, მაგრამ საამისოდ მე როდი მესაჭიროება ეკლესიაში სიარული.

იქ ვერცხლის თეფშებზე მთხვევა და საკუთარი ჯიბით იმ ერთი მუჭა თვალთმაქცების გასუქება, ვინც ჩვენზე უკეთ იკვებება!

ღმერთი შეგიძლია ადიდო ტყეშიც, მინდორშიც და ეთეროვანი ცის გუმბათის ჭვრეტითაც, ვით ჩვენი წინაპრები შვრებოდნენ. ჩემი ღმერთია ღმერთი სოკრატესი, ფრანკლინის, ვოლტერისა და ბერანჟესი! მე მომხრე ვარ სავოიის ქორეპისკოპოსის სარწმუნეობისა და 89 წლის უკვდავი პრინციპებისა!

მე არა მწამს ღმერთი - მოხუცი, თავის ბაღჩაში რომ ყავარჯნით დასეირნობს, თავის მომხრეებს დასაძინებლად ვეშაპის მუცელში გზავნის, ყვირილით კვდება და მესამე დღეს აღდგება. ყოველივე ეს თავისთავად უაზრობაა და, სხვათა შორის, სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის ყოველგვარ კანონს. ამასთან, იგი გვიმტკიცებს, რომ ღვთის მსახურები მუდამ უვიცობის სიბნელეში იყვნენ ჩაფლულნი და ხალხსაც იქით მიათრევდნენ.

***

მამაკაცი თავისუფალი მაინცაა, შეუძლია ყოველგვარი ვნება გამოცადოს და ქვეყანა იხილოს, დაბრკოლებანი გადალახოს, თვით უშორეს ბედნიერებას მისწვდეს, ქალი კი ყოველთვის შეფერხებულია. უმოქმედო და იმავე დროს მოქნილი, ორ ცეცხლს შუაა მოქცეული: საკუთარი სხეულის უმწეობასა და კანონს შორის. მისი ნებისყოფა, როგორც მისივე ქუდის ვუალი, ზონრით რომ არის დამაგრებული, ყოველი ქარის დაქროლვაზე ფრიალებს. მას მუდამ რაღაც სურს, რასაც ყოველთვის რომელიმე პირობითობა აღუდგება ხოლმე წინ.

***

ფლანელისჟილეტიანი ყეყეჩები, სათბურებიანი ბებერი უტვინოები და კრიალოსნიანი ფარისევლები სულ მუდამ ამას ჩაგვწივიან ყურში: „მოვალეობა! მოვალეობა!“

ეშმაკმა იცის იმათი თავი! მოვალეობა ისაა, იგრძნო ყოველივე მაღალი, თაყვანი სცე სილამაზეს და არა ის, დაემორჩილო ყოველ სისაძაგლეს, რომლებსაც საზოგადოება გვკარნახობს.

***

მორალი ორგვარია, ერთია მცირე, პირობითი, ადამიანების მორალი, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება და დაუღალავად ამოგძახის საიდანღაც ქვემოდან, მიწაში იჩიჩქნება, როგორც აი, ის სულელთა კრება, რომელსაც უცქერით, მეორე კი მარადიულია. იგი ჩვენ გარშემოა, ჩვენ ზემოთ, როგორც გარშემორტყმული ბუნება, როგორც ლურჯი ცა, რომელიც გვინათებს.

***

ემას გაახსენდა წაკითხული რომანების გმირი ქალები. მოღალატე ცოლების ლირიკული ლეგიონი ამღერდა მის ხსოვნაში მშობლიური, მომაჯადოებელი ხმით. მისი სიცოცხლე ახლა ამ მოგონებების ნაწილი იყო. ამიერიდან ისიც შეყვარებული ქალის ხატებაა, რომელიც ადრე შურს აღუძრავდა. მისი ახალგაზრდობის სანუკვარი ოცნება ახლა ხორცს ისხამდა. და კდიევ, შურისძიების სანეტარო სიხარულსაც განიცდიდა. განა საკმაოდ არ იტანჯა? ახლა კი ზეიმობს და სიყვარულიც, ამდენ ხანს შეკავებული, ჩქეფს და სიხარულად იღვრება.

და იგიც ივსებოდა მისით შეუნელებლად, უდარდელად, უზრუნველად.

***

იმასაც, რასაც სარწმუნოებრივი ფანატიზმი ოდესმე თავიანთ რჩეულებს ჰპირდებოდა, დღეს მეცნიერება ყოველი ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდის!

***

ადამიანის სიტყვა თითქოს გაბზარული თასია, რომლის დაკვრითაც დათვებს აცეკვებენ იმ დროს, როცა გული ვარსკვლავებს ეთამაშება.

***

ადამიანის თავდაჯერება იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ტრიალებს.

***

საყვარელი ადამიანის აუგად ხსენება მაინც შეუმჩნევლად გვაშორებს მას. კერპების ხელის ხლება როდი შეიძლება - ხელში ვარაყი შეგვრჩება.

***

განა განუზომელი ვნება შეიძლება ერთმა წუთმაც დაიტიოს ისე, ვით რიცხვმრავალი ბრბო მცირე სივრცემ?

***

იმ ქარიშხალთა შორის, რაც კი სიყვარულს შეიძლება დაატყდეს თავს, ფულის თხოვნა ყველაზე უფრო გამანადგურებელია.

***

როცა ვინმე კვდება, ყველას მოიცავს რაღაც განცვიფრება, იმდენად ძნელი მისაწვდომია არარაობის დადგომა, იმდენად ძნელია მისი დაჯერება.


მთარგმნელი - არისტო ჭუმბურიძე