კოლაუ ნადირაძე - ავზნიანი ქალაქი
კოლაუ ნადირაძე - ავზნიანი ქალაქი
მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი,
ატალახებულ ქუჩებს მივყვები, ვუცქერ უკბილოდ დაღრეჯილ სახლებს.
ხარბათ დავეძებ მახინჯ სახლებს,
მკლავებში მაღრჩობს მე ვიწრო კვალი, ავზნიანი და ცოდვებით მთვრალი.
ავათმყოფ სახლებს, ათაშანგით პირდაჭმულ ქუჩებს,
აკმევებს სურნელს სამიკიტნო ღვინით და ხაშით,
გიჟდება ღამე არღნის რწყევით, ზურნით და ტაშით,
და ცა ლოტბარი შავად მორთული, ქურდებს და მკვლელებს
გამოსვლას ურჩევს.
ძველ სასტუმროდან გამორბიან წითლათ ქალები,
როგორც რომ ჯარი დამარცხებული, მათხოვართ გუნდი ბრუნდება სახლში,
გამეფდა ვნება ავადმყოფ სახლში
ბალღამს აქცევენ რუხ ქვაფენილებს ქუჩის მნათობთა თეთრი თვალები.
და მეც ქალაქში დავსეირნობ გიჟთა მხედარი,
ჩემ წინ ქვეშევრდომთ გაუმართავთ უცხო პარადი.
ბოროტი განცდა სნეულ ფიქრის ხდება მარადი,
მე მსურს ყოველთვის ღამე იყოს ასე ნეტარი.
„ცისფერი ყანწები“, 1916 წ.