მარკ ტვენი - პრესის თავგასულობის შესახებ

... პრესამ იმდენად გაამასხარავა და დასცინა რელიგიას, რომ ეს დაცინვა უკვე ჩვეულებად იქცა. მაგრამ ვითომდა პარტიული ინტერესების დასაცავად, იგი ისე თავგამოდებით მფარველობს ბოროტმოქმედებს, რომელთაც ოფიციალური თანამდებობები უკავიათ, რომ ამით პირდაპირ ზნეობრივად დააბრმავა ამერიკის შეერთებული შტატების სენატი. 

სენატორებს უკვე იმის თავიც აღარ აქვთ, რომ გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ, რა არის დანაშაული, როგორც ასეთი და რით გამოიხატება თვით სენატის პატივი. ამავე დროს პრესა ისე გულგრილად უცქერს ყოველგვარ არაკეთილსინდისიერ საქციელს, რომ ბატონი კონგრესმენები, რომელთაც სახელმწიფ გარკვეულ თანხას აძლევს გასამრჯელოს სახით, დამატებითი სახსრებისათვის სრულიად გულდამშვიდებით აფათურებენ ხელებს სახელმწიფოს ჯიბეში და ფრიად გაიკვირვებენ და განაწყენდებიან, თუკი ვინმე ხმას ამოიღებს ასეთი წვრილმანების გამო.

საქვეყნოდ ვამტკიცებ, რომ უმსგავსობა სულ ჩვენი გაზეთების ბრალია - მთლიანად თუ არა, მნიშვნელოვნად მაინც. ჩვენში პრესა თავისუფალია, მე რომ მკითხონ, ზედმეტად თავისუფალი. მას შეუძლია გააჩნდეს ყველაზე საშინელი შეხედულებანი, გააშავოს და მიწასთან გაასწოროს მისთვის არასასურველი საზოგადო მოღვაწენი თუ კერძო პირები. საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც გარკვეულ ჩარჩოში უნდა ჩააყენოს იგი, პრესამ აქეთ დაიმორჩილა და თავის საძაგელ დონეზე დაიყვანა. არსებობენ კანონები, რომლებიც იცავენ პრესის თავისუფლებას, მაგრამ ისეთი კანონი არ არსებობს, მოქალაქეები რომ დაიცვას პრესისგან. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს სარჩელი აღძრას პრესაში გამოქვეყნებულ ცილისწამებაზე, ჯერ კიდევ საქმის კანონიერ გარჩევამდე იძულებულია წარდგეს გაზეთების ყოვლისშემძლე სასამართლოს წინაშე, სადაც მას ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება ელის. ინგლისში, მაგალითად, ფხუკიან ჩარლზ რიდს შეუძლია უჩივლოს გაზეთებს და მოიგოს კიდეც საქმე, მაგრამ ჩვენთან, ამერიკაში, იგი უსათუოდ შეიცვლიდა ტაქტიკას. გაზეთები (თავიანთი მკითხველების მხარდაჭერით) მყისვე აგრძნობინებდნენ მას, უმჯობესია აიტანო ყოველგვარი ცილისწამება, ვიდრე გაასაჩივრო იგი და ამით საყოველთაო დაცინვის საგანი გახდეო.

ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ზნეობა იმავე პროპორციით ეცემა, როგორც იზრდება გაზეთების რიცხვი. რაც უფრო მეტია გაზეთი, მით უფრო ცუდად არის ზნეობის საქმე. ყოველ ერთ სასარგებლო გაზეთზე ორმოცდაათი უვარგისი მაინც მოდის, რასაც, თავისთავად, ზიანის გარდა კარგი არაფერი მოაქვს, ამიტომ როცა რომელიმე პატარა ქალაქში ახალი ჩვეულებრივი ტიპის გაზეთი იწყებს გამოსვლას, ეს ჩვენ კატასტროფად უნდა მივიჩნიოთ.

ამ ბოლო 30-40 წლის მანძილზე ბეჭდვითი სიტყვის ტონსა და მანერებში მეტად არსებითი და სამწუხარო ცვლილებები მოხდა (რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გაზეთებს ვგულისხმობ, თორემ ცალკეული, ცუდი ნიმუშები მანამდეც იყო). წინათ, ჩვეულებრივი გაზეთი სიკეთისა და ზნეობის დამცველად გამოდიოდა და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად სიმართლეს მომსახურებოდა. ახლა კი ასე როდია. ამ დღეებში ნიუ-იორკის ერთი გავლენიანი გაზეთი თავის მოწინავე წერილში ამართლებდა ხაზინის ქურდობას იმ მოსაზრებით, რომ კონგრესის წევრებს მცირე ჯამაგირი აქვთო, - განა შეიძლება ამით ქურდობის გამართლება? ცხადია, საკითხის ასეთმა ახლებურად გაშუქებამ მრავალი შუბლმაგარი მკითხველი დააკმაყოფილა. აკი ჩვეულებად იქცა სარკაზმული ფრაზა - თუ გაზეთში წაიკითხე, მაშასადამე, მართალიაო. ასეთია მოკლედ გონიერ ადამიანთა აზრი ჩვენს „სიცრუის ფაბრიკაზე“, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე სხვა ხალხების დიდ უმრავლესობას ისეთი ადამიანები შეადგენენ, რომლებიც არ ფიქრობდნენ და რომელთაც სწამთ გაზეთებისა. მთელი უბედურებაც სწორედ ეს არის!

თანამედროვე საზოგადოებაში პრესა ვეებერთელა ძალაა. მას შეუძლია ერთი ხელის დაკვრით განადიდოს და ისევე დაასამაროს ყოველი ადამიანის სახელი. მისთვის, მაგალითად, სულ უბრალო საქმეა გაქნილ ქურდად თუ ავაზაკად გამოაცხადოს თვით უსპეტაკესი ადამიანი და ამით სამუდამოდ დაღუპოს იგი. ახლა უკვე ვინღა დაადგენს იმას, ცრუობდა თუ ჭეშმარიტებას ქადაგებდა მისტერ კოლფაქსი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სიკვდილამდე მას იცნობდნენ, როგორც ცრუპენტელას. დიახ, როგორც ცრუპენტელას, რამეთუ სწორედ ასეთი განაჩენი გამოუტანეს გაზეთებმა. ამერიკის გაზეთები ახლა აშკარად აზვიადებენ, როცა ქებით ცაში აჰყავთ „შავი ავაზაკი“, მაგრამ მათ ასევე შეეძლოთ დუმილი აერჩიათ და ამით სასიკვდილო ლახვარი ჩაეცათ მისთვის. ჩვენმა უაღრესად ზნეობრივმა პრესამ კარგა ხანია მორალურად დასცა თავისი მკითხველები, შეაყვარა მათ უხამსობა და უკანონობა. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ მთავრობა პირდაპირ თავზე ევლება ისეთ გაზეთებს, როგორიცაა „დღის ამბები“ და „პოლიციის გაზეთი“.

დასავლეთ შტატების გაზეთთა მეპატრონეებს საკმარისია სტრიქონში ორი დოლარი გადაუხადო, რომ სიხარულით დაგიბეჭდონ ყოველგვარი სიბილწითა და მავნე იდეებით აღსავსე სარედაქციო წერილები.

თითქმის ყველა გაზეთი უჭერს მხარს რეზონსვიგისთანა ბოროტმოქმედებებს, უქვეყნებენ მათ ფასიან განცხადებებსა და ამით ხელს უწყობენ ახალ-ახალ მსხვერპლთა გამოძებნაში. ეს ყოველმა ჩვენთაგანმა იცის.

ფოსტერის მკვლელის გასამართლებისას ნიუ-იორკის გაზეთები ერთი შეხედვით, თითქოს გუბერნატორს ემხრობოდნენ, როცა სთხოვდნენ მკითხველებს, გუბერნატორი კანონის კაცია და აბა, თქვენ იცით, მხარი დაუჭირეთო. მაგრამ, ამავე დროს, ფასიანი განცხადებები სახით საოცრად გულისამაჩუყებელი თხოვნა-ვედრებით სავსე მთელი გვერდი გამოაქვეყნეს, მკვლელი შეიბრალეთო. დარწმუნებულ ივარ, გუბერნატორის საწინააღმდეგოდაც დააყენებდნენ ცილისწამებათა კორიანტელს, რათა ხაზი გადაესვათ მისი შემდგომი მუშაობისთვის ამ თანამდებობაზე, თუკი ისეთი ვინმე გამოჩნდებოდა, რომ ამისათვის სათანადო სახსრები გაეღო. გაზეთი, რომელიც ფულის გამო ხელს უშლის ქვეყნად მართლმსაჯულების აღდგენას, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ხალხის კეთილდღეობისათვის.

ერის საზოგადოებრივ აზრს - ამ მრისხანე ძალას, ამერიკაში ქმნის თვითკმაყოფილ უგუნურთა და უმეცართა ბანდა, რომელთაც ბარითა და მეჩექმის ნემსით რომ ვერ იშოვეს ფული, თავშესაფრის ძიებისას ჟურნალისტიკას შეაფარეს თავი. თავად მე ასობით ჟურნალისტს ვიცნობ და ვიცი, რომ პირადად საუბრისას კაპიკია მათი მსჯელობის ფასი, მაგრამ როცა ერთ-ერთი ამ ვაჟბატონთაგანი პრესის ფურცლებზე გამოდის, მაშინ უკვე ლაპარაკობს არა ის, არამედ პრესა და ამიტომაც, მჯღაბნელი ქონდრის კაცუნა ჩვეულებრივ კი არ წრიპინებს, არამედ წინასწარმეტყველივით ქუხს და ჭექს.

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ჟურნალისტებს ტყუილის იშვიათი ნიჭი აქვთ. რამდენიმე წლის წინ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მე თვით შემოვიღე ტყუილის განსაკუთრებული და მეტად წარმტაცი სახე, რომელმაც ისე მოიკიდა იქ ფეხი, რომ დღემდე ცოცხლობს. ამიტომაც, როცა დღეს გაზეთებში ვკითხულობ კალიფორნიაში სისხლიანი წვიმა წამოვიდა და ციდან ბაყაყები ცვიოდაო, ან როცა ინფორმაციას წავაწყდები, უდაბნოში ნაპოვნ ზღვის გველის ან ალმასებითა და ზურმუხტებით გატენილ გამოქვაბულის შესახებ (თანაც სავალდებულოა, ეს აღმოაჩინოს ინდიელმა, რომელმაც ისე განუტევა სული, რომ ვერც მოასწრო ზუსტად მიეთითებინა მისი ადგილსამყოფელი), მართალი გითხრათ, სინდისი მქენჯნის და ვეუბნები ჩემს თავს, აი, ხომ იმკი, რაც დათესე, ჰოდა, აგე ახლა პასუხი გაზეთების ზღაპრებზე-მეთქი, დიახ, ნამდვილად ასეა. ისე კი, მოგეხსენებათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, და ახლაც ვაკვირდები ხოლმე ჩემს თავს, ტყუილი რომ არ გამოვურიო.

ცხადია, პრესის თავგასულობამ თავის დროზე ყოველ ჩვენთაგანს გაუმწარა სიცოცხლე. საბრალო ჰენრი სტენლი ლამის იყო გააღმერთეს ინგლისში, ბოლო არ უჩანდა მის ქება-დიდებას, მის ლექციებზე კი თავს იკავებდნენ რიდითა და კრძალვით, ამბობდნენ, ჩვენ მის უფრო მნიშვნელოვან ღირსებებს ვეხებით და ვაღიარებთო. მაგრამ ჩვენმა გაზეთებმა ნაკუწ-ნაკუწ აქციეს იგი და მერე, ნაფლეთები მეინიდან კალიფორნიამდე მიმოყარეს, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ სტენლი უხეირო ორატორი გახლდათ. დიახ, მხოლოდ ამის გამო უკვალოდ გაქრა მისი ფუნდამენტური შრომა აფრიკაზე, ფეხქვეშ გათელეს და მიწასთან გაასწორეს მისი ავტორიტეტი და დღემდე აუგად იხსენიებენ მას, ყველგან და ყოველთვის, თითქოს რაღაც მიუტევებელი დანაშაული ჩაედინოს საცოდავს.

ახლა ბრეტ ჰარტი? კაციშვილი არ იცნობდა მას, სანამ გაზეთებმა არ აღმოაჩინეს და ცაში აიყვანეს ქებით. ამერიკელი რედაქტორები ასტრონომებივით გამორბოდნენ გარეთ ყოველგვარ ამინდში, რათა კარგად დაკვირვებოდნენ ამ ახლად მოვლენილ მნათობს და უნდა გენახათ როგორ ესალმებოდნენ, რა დიდი ამბით უხდიდნენ ქუდებს, ვიდრე არ დაეხეოდათ. მერე ნაცნობ-მეგობრებისგან ინათხოვრებდნენ და ესალმებოდნენ და ესალმებოდნენ.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბრეტ ჰარტის ოჯახში ვიღაც ავად გახდა. შეშფოთებულმა მწერალმა წარმართ ჩინელზე მორიგი მოთხრობის მაგიერ ერთი საკმაოდ უფერული წერილი დაწერა. ყოფილმა თაყვანისმცემლებმა იმწამსვე განგაში ატეხეს: ო, ეს გაიძვერა, ესაო, მიცვივდნენ მას და ვაი შენ ბრეჰ ჰარტს! მიწაზე დააგდეს, ფეხებით თელეს, ტალახში ათრიეს, კუპრსა და ბუმბულში ამოგანგლეს, საყოველთაო დაცინვის საგანი გახადეს და დღემდე ასე უშრობენ სისხლს. ამას კი ის მოჰყვა, რომ ბრეტ ჰარტმა მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 19 ლექცია წაიკითხა, ისიც ყოველთვის თითქმის ცარიელი აუდიტორიის წინაშე გამოდიოდა და რას ლაპარაკობდა, თვითონაც აზრზე არ იყო. მოკლედ, ბრეტ ჰარტი დაეცა, დაეცა და ვერც წამოდგება ოდესმე. და მერე, რა დიდი ნიჭის პატრონი? რამდენ რამეს გააკეთებდა როგორც ჩვენი ლიტერატურის, ისე საკუთარი თავისთვისაც, ცხოვრებაში რომ უფრო გამართლდებოდა. არა, ისე მანაც დიდი წინდაუხედაობა გამოიჩინა, ერთ ჩვენს ძმათაგანს, ყოფილ მეწაღეს, ახლა კი მშიერ ჟურნალისტს, ერთხელ ფული რომ აჩუქა. ამ უკანასკნელმა, ჩამოვიდა თუ არა სან-ფრანცისკოში, მთელი ოთხგვერდიანი მამხილებელი წერილი გამოაქვეყნა მისი მხსნელის „დანაშაულებებზე“, რამაც ყოველი პატიოსანი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. გაზეთმა, რომელმაც ეს სისაძაგლე დაბეჭდა, აშკარად ბოროტად გამოიყენა პრესის თავისუფლება.

მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ ქალაქში მე არ მივუჯექი სუფრას ადგილობრივი გაზეთის რედაქტორთან ერთდ, რომელიც მთვრალი იყო. მეორე დღეს მან წერილი დაწერა ჩემს ლექციაზე, რომ ეს იყო ყოვლად უხამსი, ვულგარული და ლოთობის წამახალისებელი ლექციაო, მაშინ როცა იგი, საერთოდ, არ დამსწრებია. ვინ იცის, ჩემი ლექცია რომ მოესმინა, ეგებ სულაც დაენებებინა თავი სმისათვის.

დეტროიტის ერთი გაზეთი ირწმუნებოდა, რომ მე თითქოს გართობის მიზნით სისტემატურად ვცემდე ჩემს ცოლს და იგი ახლა, ვითომ, ისე დავარდნილია, რომ საბრალოს დამალვის თავიც არ აქვს, როცა მე, ჩვეულებრივ, აღრენილ გუნებაზე შევიჭრები შინ. ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, რომ ეს ნახევრად ჭორია. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო მეჩივლა ამ ცილისწამების გამო, მაგრამ მწარე გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა. მართლაც რომ ასე მოვქცეულიყავი, ამერიკის გაზეთებს მეტი კი არ უნდათ! ვერც წარმოიდგენთ, მცირეოდენი გამონაკლისით, ისეთი აღფრთოვანებით შეხვდებოდნენ ისინი ცნობას იმის შესახებ, რომ მე ვცემ ცოლს და მერე, როგორ დაწვრილებით მოუთხრობდნენ ამაზე მკითხველებს.

ეგებ არც კი ღირს ამის აღიარება, მაგრამ ვინ მოთვლის, მეც რამდენი კაცი გამიშავებია ცილისმწამებლური და ღვარძლიანი წერილებით, რის გამოც ჩამოხრჩობის ღირსი ვარ კარგა ხანია.

ჯენტლმენებო!

ნება მიბოძეთ, ამით დავამთავრო ჩემი გამოსვლა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს პრესას თავს გაუვიდა ძალიან. დიახ, გაზეთები ამერიკის ნამდვილ წყევლა-კრულვად იქცნენ და აი, ნახეთ, თუ საბოლოოდ მათ არ დაღუპონ კიდეც მთელი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, გაზეთებსაც გააჩნიათ კარგი თვისებები, აქვთ უდიდესი ზემოქმედების ძალა და ა.შ. მე შემეძლო ჩამომეთვალა ისინი და ცამდე შემექო, მაგრამ, ჯენტლმენებო, თქვენთვისაც ხომ უნდა დამეტოვებინა რაიმე სათქმელად.