ნინო ხარატიშვილი - ჩემი საყვარელი ორეული |
საფეხბურთო მოედანზე ჩემი ქმრის მანქანით სამივე ერთად წავედით. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი იყო უცნაური ამ სურათში. პატარა გამონაკლისის გარდა: კაცი იყო სხვა. ის კაცი, ვინც სინამდვილეში იქ უნდა ყოფილიყო, ამ დროს ალბათ თავის დოკუმენტურ ფილმს ამონტაჟებდა სტუდიაში. ის კაცი ჩემი ქმარი იყო. მაგრამ მან არ იცოდა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ერთად ყოფნა, ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ჩვევები, ჩვენი დაპირებები, ჩვენი საშვებულებო გეგმები და ჩვენი ზეიმები, სიამოვნებით რომ ვმართავდით ხოლმე ერთად, იმ დილას კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მე კი არაფერი ვიღონე ამის წინააღმდეგ. პირიქით, ნათხოვარ ცხოვრებაში ნათხოვარი მანქანით ნათხოვარ კაცთან ერთად სტადიონისკენ გავეშურე. რატომ აღმოჩნდა უცებ ყველაფერი ასეთი ყალბი, აბსოლუტურად ყველაფერი. რატომ ვწირავდი ამდენ რამეს წარსულის გატაცებას, რომელსაც ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია; იმ ადამიანს, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სახელი ვერ მოვუძებნე. *** ჩემი სიყვარული ღვინოს ჰგავდა. უიშვიათესს და უძვირფასესს. სიამოვნების გახანგრძლივებას რომ ცდილობ და ბოთლის გახ...