დოსტოევსკი და მისი რომანი - ეშმაკნი

ავტორი: ირაკლი ლომოური

„ეშმაკნი“ დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებული, რთული, წინააღმდეგობრივი, პოლიფონიური რომანია. ის რუსულ ანტინიჰილისტურ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება - წიგნში კრიტიკულადაა განხილული მემარცხენე-რევოლუციური და ათეისტური იდეები თუ შეხედულებები. თუმცა ამ „განხილვას“ პუბლიცისტური ელფერი სრულებითაც არ დაჰკრავს, - როგორც, ერთი შეხედვით, მოსალოდნელი იქნებოდა, - არამედ მხატვრული სახეების, ხასიათების დრამატული, ტრაგიკული ურთიერთქმედების მეშვეობით არის გადმოცემული.

რომანის მთავარი გმირი ნიკოლაი სტავროგინი - ახალგაზრდა არისტოკრატი, შესანიშნავი გარეგნობის მქონე, ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული, ძლიერი, „დემონური“ პიროვნება - ნიჰილისტ-ათეისტი და რევოლუციონერი - ნამდვილი გამოცანაა, საბედისწერო გამოცანა. რომანის ყველა პერსონაჟი აღმერთებს მას, ეთაყვანება, შეყვარებულია მასზე, და იმავდროულად, კიცხავს, გმობს, ლანძღავს და სწყევლის. სტავროგინი კი ყველა სიტუაციაში რჩება წარბშეუხრელი, აუღელვებელი, უშფოთველი, თითქოს ცოცხალი ადამიანი კი არ არის, არამედ ნიღაბი, რომლის მიღმა სრული იმედგაცრუება და გულგრილობა, სრული ნიჰილიზმია. არადა, არათუ პერსონაჟები, თვით ავტორია მოხიბლული თავისი გმირით, ბრწყინვალე არისტოკრატ სტავროგინით.

ნიკოლაი ბერდიაევის სიტყვით, სტავროგინი დოსტოევსკის სისუსტე, საცდური და ცოდვაა. სტავროგინს იგი აღიქვამს, როგორც ბოროტების განსახიერებას, როგორც დამღუპველ ფატუმს, და მაინც უყვარს, ვერ ელევა, არაფრისდიდებით არ ეთმობა. სტავროგინი, უზომოდ ამაყი და უზომოდ ძლიერი პიროვნება, ავტორისთვის საოცნებო უფლისწულია, „ივან ცარევიჩია“. ყველა გვერდით მყოფი სტავროგინისგან რაღაც არაჩვეულებრივსა და დიად ქმედებას ელის, არადა, შინაგანად იგი უკვე დაშრეტილია, ჩამქრალია, სულიერად დაძაბუნებულია, სინამდვილეში აღარაფერი სურს, რადგან ყველაფერი მოყირჭებული აქვს, რადგან ყველაფერი იგემა, ყველაფერი გამოცადა და აღმოაჩინა - ყოველგვარი აკრძალული სიამოვნება, საშინელი აღვირახსნილი, ავხორცი, მრუში ცხოვრება - არ აკმაყოფილებს და არც აინტერესებს.

სტავროგინი ერთგვარი „ზეადამიანია“ (შემთხვევითი არ არის, რომ დოსტოევსკი, გარკვეულწილად, ფრიდრიხ ნიცშეს წინამორბედად მიიჩნევა. ამ უკანასკნელმა რუსი მწერალი სიცოცხლის მიწურულს აღმოაჩინა და მეტად დააფასა), რომელსაც სურდა ყველაფერი მოეხელთებინა და მოეცვა, - მთელი სამყარო, - და ამ თავისი უზომო ამბიციის განხორციელების გზაზე აღმოაჩინა, რომ მეტაფიზიკურ სიცარიელეშია, ცხოვრებას თურმე აღარც მიზანი აქვს, აღარც საზრისი და აღარც ინტერესი - ანუ, შავი ვარიანტებიდან ჩანს, როგორ სურდა ავტორს გადაერჩინა თავისი საყვარელი გმირი, მაგრამ ვერ მოახერხა - სწორედ აქ მჟღავნდება რომანის მხატვრული სიმართლე, შინაგანი ლოგიკა... სტავროგინი თავს იკლავს. თავს ჩამოიხრჩობს, იუდასავით, იმ პატარა გოგონასავით, რომელიც გააუპატიურა და რომელიც მის ხილვებში იმეორებდა: „მე ღმერთი მოვკალი, მე ღმერთი მოვკალი“...

სტავროგინის პრობლემა ის არის, რომ ღმერთის არ სწამს, არადა, ეშმას თვალნათლივ ხედავს თავის გვერდით... რომანის რევოლუციონერი პერსონაჟები - პიოტრ ვერხოვენსკი, ივან შატოვი (სწორედ მას მოკლავენ ამხანაგები), კირილოვი, შიგალიოვი, - ნამდვილი შეპყრობილები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ბოროტი სულებით შეპყრობილები...

როდესაც ამ წინასიტყვაობას ვწერდი, ინტერნეტში წავიკითხე სერგეი ნეჩაევის მიერ შედგენილი „რევოლუციონერის კატეხიზმო“. ეს იმდენად შემზარავი დოკუმენტია, რომ ცხადი ხდება, თუ რა ამოძრავებდა დოსტოევსკის, როდესაც ჩვენთვის საინტერესო რომანს - რომან-გაფრთხილებას - ქმნიდა. ნეჩაევი პირდაპირ წერს: „ჩვენი საქმე - ჟინიანი, სრული, საყოველთაო და სასტიკი ნგრევაა“. და კიდევაც მიაღწიეს რუსმა რევოლუციონერებმა თავის მიზანს, დაანგრიეს იმპერია და მილიონობით ადამიანი გააუბედურეს, იმის ნაცვლად, რომ გაებედნიერებინათ.

დოსტოევსკიმ დაინახა, რომ რევოლუციური სოციალიზმი რუსეთში - ეს არ არის ეკონომიკური ან სოციალური სწავლება, ანდა სოციალური რეფორმების სისტემა, არამედ, მას აქვს პრეტენზია, იყოს რელიგია, ქრისტიანობის საწინააღმდეგო რელიგია, უღმერთო რელიგია (თუკი საერთოდ შეიძლება უღმერთო რელიგია არსებობდეს, რადგან თვით სიტყვა „რელიგია“ ღმერთთან სულიერ კავშირს გულისხმობს). რუსი რევოლუციონერი არ კმაყოფილდება რაიმე ლოკალური მიზნებითა და ამოცანებით, - მას არც მეტი, არც ნაკლები, მთელი მსოფლიო უნდა გაებედნიერებინა. მაგრამ საამისოდ ჯერ ძველი წესრიგი უნდა დაენგრია, აღეგავა პირისაგან მიწისა. „ძმებ კარამაზოვებში“ დოსტოევსკიმ გვიჩვენა რუსული რევოლუციის შინაგანი მეტაფიზიკა, ხოლო რომანში „ეშმაკნი“ მოგვცა ამ დიალექტის განხორციელების შემზარავი სურათი. რუსული უღმერთო მესიანიზმი რუსული რელიგიური მესიანიზმის მეორე მხარეა - მედალს ორი მხარე აქვს, მოგეხსენებათ, - მაგრამ, ვაი, რომ ეს მედალი ყალბია...

...

არსებობს მოსაზრება, რომ „ეშმაკნი“ დოსტოევსკიმ დაწერა არა უშუალოდ ათეისტ-რევოლუციონერებთან პოლემიკის მიზნით (მართლაც, „შეპყრობილებთან“ პოლემიკას რა აზრი ექნებოდა!), არამედ როგორც რუსული ლიბერალური ინტელიგენციის ერთგვარი მხილება. ინტელიგენციისა, რომელიც „ნეჩაეველებს“ მხარს უჭერდა და ამ თავისი უგუნური მხარდაჭერით ეს მოვლენა სასიკვდილოდ სახიფათოდ, დამღუპველად აქცია.

ინტელექტუალმა მკითხველა შეიძლება გვითხრას, რომ დოსტოევსკი რუსული სულის, რუსული ხასიათის თავისებურებებზე წერს. სულისა, რომელსაც ფიოდორ ტიუტჩევის თქმისა არ იყოს, „გონებით ვერ გაუგებ და საერთო არშინით ვერ გაზომავ“, რომ რუსული სულის იდუმალი მისტიკა, ვასილი გროსმანის სიტყვით „შემდეგში მდგომარეობს, - ეს არის მონის სული“, და რომ, ესე იგი, დოსტოევსკის ნაწერი ჩვენ, ასე ვთქვათ, არ გვეხება. მაგრამ, მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ - სემინარიიდან გამოსული ქართველი რევოლუციონერები გავიხსენოთ თუნდაც, - დოსტოევსკი უნივერსალურია. მისი სიტყვა ადამიანზე, მის შინაგან სამყაროზე, საყოველთაოა, ანუ ჩვენიცაა. და ჩვენზეცაა...

***

რისთვის უნდა წავიკითხოთ დოსტოევსკი?

გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - „მძიმე“ მწერლად შემთხვევით კი არ მიიჩნევა! ეს ე.წ. „სიმძიმე“ იმით აიხსნება, რომ დოსტოევსკი აშიშვლებს ადამიანის შინაგანი სამყაროს, წარმოგვიჩენს იმ უფსკრულს, რაც ყოველი ჩვენგანის სულის სიღრმეშია, და რომელში ჩახედვასაც გავურბივართ. მწერალი გვეუნება სიმართლეს ადამიანზე და ეს სიმართლე, ხშირ შემთხვევაში, შემზარავია, - განსაკუთრებით შემზარავია სიმართლე უღმერთო რევოლუციონერთა შესახებ...

დოსტოევსკი ახალგაზრდობაში თავად იყო რევოლუციონერი. საკუთარი მწარე გამოცდილება ჩააქსოვა რომანში „ეშმაკნი“. საბჭოთა პერიოდში ხსენებული რომანი, ფაქტობრივად, იგნორირებული გხლდათ. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ეშმაკნი“ დოსტოევსკის ყველაზე რეაქციული ნაწარმოებია, იგი იმ დროის რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტია“. ის ფაქტი, რომ საბჭოთა იდეოლოგები ხსენებულ რომანს ესოდენ უარყოფითად აფასებდნენ, რომანისვე სასარგებლოდ მეტყველებს და განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.

ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს მოსკოვში. მამა მარიინსკის საავადმყოფოს ექიმი გახლდათ. წარმომავლობით დოსტოევსკთა გვარი რტიშჩევების საგვარეულოს განშტოებას წარმოადგენდა, რომელსაც სათავე დაუდო ასლან-ჩელები-მურზამ, რომელიც მოსკოვის მთავარმა დმიტრი დონელმა მონათლა XIV საუკუნეში. მწერლის ერთ-ერთი წინაპარი XV საუკუნეში ლიტვაში გადასულა, სადაც მამულად მიუღია სოფელი დოსტოევო - გვარი დოსტოევსკი აქედან წარმოდგება. მწერლის წინაპრებს XVI საუკუნიდან პოლონური აზნაურული გერბის ტარების უფლება ჰქონიათ (იმ დროისთვის პოლონეთი და ლიტვა ერთ სახელმწიფოს შეადგენდა).

მწერლის მამა ბევრს სვამდა და მეტად ეჭვიანი, სასტიკი კაცი გახლდათ. როგორც ცნობილია, იგი საკუთარმა ყმა გლეხებმა მოკლეს. დედა - მარია ნეჩაევა - მომხიბლავი, მეტად კეთილი ქალი, მდიდარი ვაჭრის ოჯახიდან იყო. მომავალი მწერლის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მას დიდი გავლენა მოუხდენია. როდესაც ფიოდორი 16 წლისა შესრულდა, დედა ჭლექისგან გარდაეცვალა. მომავალი მწერალი და მისი უფროსი ძმა, მიხაილი (ოჯახში სულ შვიდი და-ძმანი ყოფილან) მამამ პანსიონში მიაბარა.

1837 წელს მომავალი მწერალი შეიყვანეს პეტერბურგის „მთავარ საინჟინრო სასწავლებელში“, რომელიც სამხედრო სპეციალისტებს ამზადებდა. სასწავლებლის დასრულებიდან ერთ წელიწადში დოსტოევსკიმ სამხედრო სამსახური მიატოვა, გადაწყვიტა პროფესიონალი ლიტერატორი გამხდარიყო. 1844 წელს თარგმნა და გამოაქვეყნა ბალზაკის „ეჟენი გრანდე“, შემდეგ კი დაბეჭდა თავისი პირველი ნაწარმოები „საბრალო ადამიანები“, რომელიც მკითხველმა აღტაცებით მიიღო. „ახალი გოგოლი გამოჩნდა!“ - შესძახა თურმე ნეკრასოვმა.

1846 წელს დოსტოევსკი დაუახლოვდა რევოლუციონერ მიხაილ პეტრაშევსკისა და მის წრეს. საიდუმლო შეკრებებზე ფრანგი სოციალისტ-უტოპისტების ტრაქტატებს, აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდნენ, პოლიტიკური სისტემის შეცვლის - „რუსეთში გადატრიალების მოხდენის“ გზებს განიხილავდნენ. 1849 წელს პეტრაშეველები (მათ შორის, დოსტოევსკიც) დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. დასახვრეტად გაიყვანეს და ბოლო მომენტში გამოუცხადეს, რომ იმპერატორმა შეიწყალა და კატორღაში უშვებს. დოსტოევსკიმ ციმბირში 10 წელიწადი გაატარა, აქედან 4 კატორღაში, შემდეგ - რიგით ჯარისკაცად. 1859 წელს იგი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც მოთხრობებისა და რომანების წერა განაახლა. ბეჭდვის უფლება მისცეს, აზნაურისა და ოფიცრის წოდებაც აღუდგინეს. ციმბირმა მწერლის პიროვნებაში სულიერი გადატრიალება მოახდინა (კატორღის დროინდელი განცდები და შთაბეჭდილებები აღწერილია მის „მკვდარი სახლის ჩანაწერებში“). მან უარი თქვა რევოლუციურ შეხედულებებზე და ადამიანის შინაგან სამყაროს, ღმერთის ჩაუღრმავდა.  გადასახლებიდან დაბრუნებული დოსტოევსკი ინტენსიურად ეწევა ლიტერატურულ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას.

დოსტოევსკის ორი ცოლი ჰყავდა: მარია ისაევა (რომელიც ციმბირში გაიცნო) და მისი გარდაცვალების შემდეგ - ანა სნიტკინა, ახალგაზრდა სტენოგრაფისტი ქალი, ვისთანაც ოთხი შვილი შეეძინა, ორი გოგონა და ორი ვაჟი. მწერალი რამდენჯერმე იყო ევროპაში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, დაავადებული გახლდათ ეპილეფსიით. გარდაიცვალა 1881 წელს პეტერბურგში, დაკრძალულია ალექსანდრე-ნეველის ლავრაში.

რომან „ეშმაკნის“ შესაქმნელად მწერალმა ბიძგი რეალური ცხოვრებიდან მიიღო. 1869 წელს პეტერბურგში რევოლუციონერმა სერგეი ნეჩაევმა და მისი ჯგუფის წევრებმა თავიანთი ამხანაგი, სტუდენტი ივან ივანოვი მოკლეს პოლიტიკური მოტივით - პოლიციაში დაგვასმენსო. გახმაურებულმა დანაშაულმა დოსტოევსკი მეტად ააღელვა, - მაშინ იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, - მწერალმა ამ ფაქტში ერთეული კრიმინალი კი არ დაინახა, არამედ ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმ უბედურებისა, რაც რუსეთს ემუქრებოდა. გადაწყვიტა, სასწრაფოდ დაეწერა მოკლე პამფლეტი უღმერთო რევოლუციონერებზე, მაგრამ წერის პროცესში აღმოაჩინა, რომ სათქმელი მცირე ფორმაში ვერ ეტევა. ასე შეიქმნა რომანი „ეშმაკნი“ (წიგნში ივანოვის მკვლელობა ფაბულადაა გამოყენებული - ანალოგიური დანაშაულია აღწერილი).

არსებითად თუ ვიტყვით, „ეშმაკნი“, ეს არის რომანი-გაფრთხილება, რომანი-წინასწარმეტყველება, გასაოცარი, შემაძრწუნებელი ანალიზი იმ სულიერი სენისა თუ შეპყრობილობისა, რომელმაც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ საშინელი ნაყოფი გამოიღო - როდესაც ნეჩაევისა და „ნეჩაეველების“ იდეურმა მემკვიდრეებმა ე.წ. ოქტომბრის რევოლუცია მოახდინეს - იმპერია დაამხეს, სისხლის მდინარეები და ზღვები დააყენეს. დოსტოევსკიმ განჭვრიტა, რომ „რევოლუციას რუსეთში რელიგიური ხასიათი ექნებოდა“ (ბერდიაევის სიტყვებია), ამიტომ გასაგებია მეტაფორმა, რომელსაც მწერალი იყენებს - რომანი იწყება ნაწყვეტით ლუკას სახარებიდან, სადაც მოთხრობილია ეშმაკებით შეპყრობილი კაცის შესახებ. იესომ უბრძანა და ეშმაკები ღორებში შევიდნენ, კლდიდან გადაიჩეხნენ, ზღვაში დაინთქნენ. რუსეთი, დოსტოევსკის აზრით, სიმბოლურად, ეს არის ეშმაკებით შეპყრობილი კაცი, რევოლუციონერები კი ის ღორები არიან, რომლებშიც ეშმაკნი შევიდნენ. მწერალს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი გათავისუფლდებოდა მათგან, მაგრამ მისი გაფრთხილება ყურად არ იღეს...

თავის დროზე ცენზურამ რომანიდან ამოიღო მეორე ნაწილის IX თავი („ტიხონთან“), სადაც აღწერილია მთავარი გმირის, სტავროგინის საუბარი ბერთან, ვისაც თავის საზარელ საიდუმლოებას გაანდობს - როგორ გააუპატიურა პატარა გოგონა...

გამომცემლობა "პალიტრა L", 2013წ.