Posts

Showing posts from October, 2014

ერიკ-ემანუელ შმიტი - პილატეს სახარება

Image
სიკვდილმისჯილის აღსარება დაპატიმრების ღამეს ისრაელი ზეთისხილის ხეთა, ქვა-ღორღის, ვარსკვლავებისა და მწყემსების მიწაა. მიწა, სადაც ინდის ხურმას სხვენში ჩალაზე დაწყობილს აშრობენ; მიწა, სადაც მხსნელის ნაღვლიან მოლოდინში ადამიანებს გულები უკაჟდებათ; მიწა ფორთხოლების, ლიმონებისა და იმედისა. ისრაელი ბაღია ჩემი - ბაღი, სადაც დავიბადე. და სადაც სულ მალე აღვესრულები. ოცნებამ კი სინამდვილეში, აი, სადამდე მიმიყვანა - ბაღში დაზაფრული ველოდები აღსასრულს. და საერთოდ აქვს კი ბედს დასაბამი და დასალიერი? ვეღარ მპოულობენ. არც ერთს არ მოსვლია აზრად, ზემოთ ამოეხედა. იმდენად მიუწვდომელი აღმოვჩნდი, ცხადია, თამაშს გამოვეთიშე. ვფიქრობ, რომ როგორც ყველა ბავშვი, მეც თავიდან თავს ღმერთად მივიჩნევდი. შვიდი წლის ასაკამდე სამყაროს წინაღობასთან შეხება არ მქონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეფე, ოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, უძლეველი და უკვდავი ვიყავი... თავი ღმერთი ხომ მხოლოდ იმ ბავშვებს ჰგონიათ, სახლში ერთი გვარიანად არასოდეს რომ არ მიუტყეპიათ. მსგავსი მიდრეკილება, მერწმუნეთ, მხოლოდ მათთვისაა ნიშნეული. ზრდა...

ფიოდორ დოსტოევსკი - დიდი ინკვიზიტორი

Image
ნაწყვეტი თეოდორ დოსტოევსკის რომანიდან - „ძმები კარამაზოვები“ წინასიტყვა აქაც საჭიროა, - უფრო სწორად, ლიტერატურული წინასიტყვა, ჰმ! - ჩაიცინა ივანმა, - თუმცა მე რა მთხზველი ვარ! მისმინე! ეს ამბავი მეთექვსმეტე საუკუნეში ხდება. მაშინ კი, ეს სკოლიდანაც გახსოვს ალბათ, მიღებული იყო პოეტურ ქმნილებებში ზეციურ ძალთა მიწაზე ჩამოყვანა. დანტეზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთში სასამართლოს კლერკები და ბერ-მონაზვნები მართავდნენ ხოლმე წარმოდგენებს, რომლებშიც მთავარი მოქმედი პირნი იყვნენ მადონა, ანგელოზები, წმინდანები, ქრისტე და თავად მამა ღმერთი. იმ დროს ყველაფერი ეს ცოტა გულუბრყვილოდ კეთდებოდა. ვიქტორ ჰიუგოს რომანში „Notre Dame de Paris“ ერთი ასეთი ეპიზოდია: ლუდოვიკო მეთერთმეტეს მეფობის დროს პარიზის რატუშის დარბაზში საფრანგეთის დოფინის დაბადებასთან დაკავშირებით, ხალხისთვის მუქთი, ჭკუის სასწავლი წარმოდგენა გაიმართა. პიესის სახელწოდება იყო: „Le bon jugement de la tres seinte et gracieuse Vierge Marie“. ამ პიესაში თვით ღვთისმშობელი გამოდის სცენაზე და თავის „bon jugement“-ს წარმოთქვამს. ჩვენთანა...

რა ბედნიერებაა, წითელი რომ ვარ! - მე წითელი მქვია

Image
ნაწყვეტი ორჰან ფამუქის რომანიდან - „მე წითელი მქვია“ მე იქ ვიყავი, ფირდოუსის ხალათის კალთაზე, როცა „შაჰნამეს“ ავტორი დიდი პოეტი, ღაზნაში ახალი ჩამოსული, მაჰმუდ შაჰის კარის პოეტებმა დაამცირეს, მასხრად აიგდეს, აქაოდა, დედაქალაქელი არ არის, შორეული კუთხიდან ჩამოსულაო. მაგრამ მან მალე ყველას დაანახა თავისი ძალა, როცა ძალიან რთული რითმით გაწყობილი სტროფის სამ სტრიქონს მეოთხე მის მეტმა ვერავინ გაურითმა; „შაჰნამეს“ ზღაპრული გმირი როსტომი თავის დაკარგულ ცხენს რომ მიჰყვა და უცხო ქვეყნებში წავიდა, მის კაპარჭზე ვიყავი; როცა თავისი გრძნეული ხმლით ორად გააპო ურჩხული, იქ დაღვრილ სისხლშიც ვიყავი; როცა როსტომი თავისი მასპინძელი შაჰის ასულთან სიყვარულის ღამეს ატარებდა, მეც იქ ვიყავი, მათი საბნის ნაოჭებში ჩაკარგული. ყველგან ვიყავი და ყველგან ვარ. იქაც ვიყავი, როცა თური თავის ძმას, ირეჩს, თავს სჭრიდა, იქაც, სადაც ორი ძლევამოსილი ლაშქარი ერთმანეთს შეერკინა და როცა ალექსანდრე მაკედონელს მზემ დაჰკრა და ლამაზი ცხვირიდან სისხლი წასკდა. როცა სასანიანი ხელმწიფე ბარამ გური კვირის ყოველ დღეს, ნებისმ...

იუკიო მიშიმა - გაზეთი

Image
სატოკოს ახალგაზრდა ქმარი გამუდმებით დაკავებულია. აი, ამ საღამოსაც, მას მერე, რაც ცოლთან ათ საათამდე დაჰყო, ისევ საჭეს მიუჯდა, ღამე მშვიდობისა უსურვა და მორიგ შეხვედრაზე გაიქცა. სატოკოს ქმარი კინომსახიობია. გინდა-არ გინდა, სატოკოს მაინც უწევს ასეთი ღამეების, მისი საქმიანი შეხვედრების ატანა სადაც ცოლი ყოველთვის ზედმეტი აღმოჩნდება ხოლმე. რახანია მიეჩვია ტაქსიში მარტო ჩაჯდომას და უსიგომეს კვარტალში ეულად დაბრუნებას, შინ 2 წლის ბავშვი ელოდება... და მაინც, ამ საღამოს სატოკოს უცებ სურვილი გაუჩნდა ცოტა გაესეირნა. საშინელებაა ამაღამ შინ მარტო დაბრუნება, შუაღამისას, მათ სახლში... აკვიატებული აზრი იმის შესახებ, რომ სისხლის ნაკვალევი, რაც არ უნდა კარგად გაეწმინდათ, ისევ იქნება სასტუმროს ოთახში... გუშინ, როგორც იქნა, დასრულდა აუტანელი ფუსფუსი და შფოთვა, სიტყვებით შეუძლებელია გადმოცემა! - ყველაფრის მერე, რაც მოხდა. და სატოკოს მაინც იმედი ჰქონდა, რომ მთელი დღევანდელი საღამო, როცა ორივესთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო გულის გადაყოლება, ქმარი მასთან ბოლომდე დარჩებოდა.მაგრამ პროდიუსერმა დაპატიჟა ...

ჯაბა იოსელიანი - სამი განზომილება

Image
“ზის ლამანჩელი კაფეში, ძველს დაუკვეთავს კონიაკს, გახუნებული აფიშა სატრფოს ბარათი ჰგონია. ქლესური გადაძახილით თავები წაუქონიათ, მტერზე მახვილით მიმავალს სიკვდილი მღერა ჰგონია, ტრამალის ქარი დაბმული საკანის ტიპიკონია, ეს სახიჩარი ქვეყანა რაინდს სამშობლო ჰგონია.” დათო მაღრაძე. “ლამანჩელი კაფეში”. შავნაბადა ნაშუაღამევია. ჭადრაკის სასახლეში, ჩვენს შტაბ-ბინაში, რომან გვენცაძე (შს მინისტრის მოადგილე) და საბურთალოს მილიციის უფროსი რაულ ალანია არიან. ვაჩვენებ და ვასმენინებ პირველი მხედრიონელი ქალის, ჟურნალისტ მაყვალა ოქროპირიძის ვიდეოფირზე ჩაწერილ გამოსვლას. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ დაიბარეს შსს საინფორმაციო ცენტრში ვინმე გოგოლაშვილთან და შესთავაზეს მასთან ერთად შსს მუშაკების ჩემს სახლში შემოღწევის გეგმა. რომან გვენცაძე იფიცება, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო და ეს ცილისწამებაა. მე მჯერა მაყვალასი, მიუხედავად იმისა, რომ ეგზალტირებული პიროვნებაა და, როგორც შემოქმედს, უყვარს გადაჭარბება. ალანიას, ვატყობ, სურს, დამიმარტოხელოს. ამის საშუალება არ არის. აქ არიან თამა...

თომას მანი ჯადოსური მთის შესახებ

Image
ამ წიგნში ჰანს კასტორპის თავგადასავალი გვინდა გიამბოთ, ოღონდ ამბავს ჰანს კასტორპის ხათრით როდი გიყვებით (მაშინ მკითხველი მისი სახით, თუმცა მიმზიდველ, მაგრამ მაინც ერთ უბრალო ყმაწვილკაცს გაეცნობოდა), ჩვენ აქ მოთხრობილი თავგადასავლის გულისთვის უფრო ვირჯებით, რადგან გვგონია, რომ ნამდვილად ღირს ჩიტი ბდღვნად (ოღონდ, მოდი, ჰანს კასტორპსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას: ეს თავგადასავალი სწორედ მას გადახდა თავს და, მოგეხსენებათ, ბედი ყველას როდი არგუნებს ხოლმე ასეთ პატივს წილად). ამ ამბის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, როგორც იტყვიან, მას უკვე ისტორიის კეთილშობილი ჟანგიც აქვს მოკიდებული და თხრობისას უეჭველად წარსული დროის ფორმები უნდა მოვიშველიოთ. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ სიძველე ამბავს თუ ამშვენებს, თორემ პეწს არ უკარგავს. ამბავს სიძველე უხდება და, შეიძლება ითქვას, რაც უფრო ოდინდელია იგი, მით უფრო ემატება მიმზიდველობა და მთხრობელსაც, ნამყო დროის ამ მოდუდუნე შემლოცველსაც, საქმეს უადვილებს. ოღონდ, ადამიანებისა არ იყოს, ამბავსაც ერთი უცნაურობა სჭირს: ადამიანები და, მათ შორის, არცთუ იშვიათ...

ხორხე ლუის ბორხესი - უსამართლობათა შემოქმედი მონკ ისთმენი

Image
ხორხე ლუის ბორხესი - მსოფლიო მზაკვრობის ისტორია ამ ამერიკის შვილები ლურჯ-ლაჟვარდისფერი კედლისა თუ კამკამა ცის ფონზე მკაცრ შვ კოსტუმებსა და ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი ორი ბაქია უმძიმეს ცეკვას ასრულებს: ცეკვას ერთნაირი დანებით, რომელიც მანამ გრძელდება, სანამ ერთ-ერთის ყურიდან ალისფერი მიხაკი არ გამოჩნდება, როგორც დასტური იმისა, რომ პირველის დანა ღრმად შეიჭრა მეორის სხეულში.  ეს უკანასკნელი კი უმუსიკოდ, ჰორიზონტალური სიკვდილით ასრულებს ხსენებულ ცეკვას. პირველი ბედის მორჩილი სახით იხურავს ჩამბერგოს (ფართო შავი ქუდი, რომელიც ესპანეთიდან გავრცელდა სხვა ქვეყნებში) და მთელ თავის სიბერეს უძღვნის იმის მოყოლას, თუ რაოდენ წმინდაა მისი ტკივილი. ასეთია ბანდიტიზმის ისტორიის დეტალები ჩვენთან. ნიუ-იორკელ თავზეხელაღებულთა ისტორია კი მეტად თავბრუდამხვევი და მძიმეა. იმ ამერიკის შვილები ნიუ-იორკული ბანდების ისტორია (რომელიც მკითხველმა პირველად 1928 წელს ჰებერტს ასბერის ოთხასგვერდიან ინ ოქტავო ფორმატის ნაშრომში იხილა), სავსეა დაბნეულობით, სისასტიკითა და ველური კოსმო...

ხორხე ლუის ბორხესი - მსოფლიო მზაკვრობის ისტორია

Image
1517 წელს პადრე ბართოლომე დე ლას კასას შეებრალა ანტილის ოქროს მაღაროებში დასაქმებული ინდიელები, ჯოჯოხეთური ჯაფისაგან წელში რომ გამწყდარიყვნენ, და კარლ მეხუთეს შესთავაზა შავკანიანი მუშახელი გამოეყენებინა, რათა ანტილის ოქროს მაღაროებში ჯოჯოხეთური ჯაფისაგან სწორედ ისინი გამწყდარიყვნენ წელში. მისისიპი მკერდსავსეა, უსაზღვრო და ბნელი ძმაა მდინარე პარანასი, ურუგვაის, ამაზონისა და ორინოკოს პარანასი. ესაა მულატისფერი მდინარე, რომლის მიერ ჩამორეცხილი ოთხას მილიონ ტონაზე მეტი შლამი კარგა ხანია, ყოველ წელს ბღალავს მექსიკის ყურეს. უძველესი დროიდან საპატიო სიბინძურის დიდი ოდენობით მოჭარბებას წარმოუქმნია დელტა, რომელზეც გიგანტური ჭაობის კვიპაროსები კონტინენტის ნაშალ ნარჩენებზე ამოზრდილა. მკვდარი თევზებითა და დამპალი მცენარეებით სავსე თიხის ლაბირინთები ბოროტი იმპერიის საზღვრებსა და სიმშვიდეს აფართოვებენ. მათ ცხოველურ იმედებსა და აფრიკულ შიშებს სახარებისეული სიტყვები ასაზრდოებდა; შესაბამისად, რაც სწამდათ, ქრისტესეული იყო, აღელვებულები ერთხმად მღეროდნენ Go Down Moses, მისისიპი მათთვის მღვრიე იორდ...

ვიქტორ გოტი - პროლოგი რომანისა ბურუსი

Image
დონ მიგელ დე უნამუნო დაბეჯითებით მოითხოვს დავუწეროპროლოგი წიგნისა, რომელშიც მოგვითხრობს ჩემი კეთილიმეგობრის, აუგუსტო პერესის სევდიანი ცხოვრებისა და იდუმალისიკვდილის ამბავს; უარი ვერ შევბედე - სენიორ უნამუნოს სურვილი ჩემთვის კანონია. მართალია, იმ უკიდურეს, ჰამლეტისებურსკეპტიციზმამდე არ მივსულვარ, რომ ჩემი მეგობრის, პერესისმსგავსად საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი შევიტანო, მაგრამ საკმაოდკარგად მესმის, რამდენად უცხოა ჩემთვის ის თვისება, რასაცფსიქოლოგები ნებელობის თავისუფლებას უწოდებენ; თუმცა თავსიმით ვინუგეშებ, რომ თვით დონ მიგელისთვისაც უცხოა იგი. მკითხველს ალბათ გაუკვირდება - დონ მიგელისთანა ღირსეული დასახელგანთქმული მწერლის წიგნის პროლოგს ვწერ მე, ესპანურილიტერატურის სამფლობელოში სრულიად უცხო კაცი; პროლოგებს,ჩვეულებრივ, უფრო ცნობილი მწერლები წერენ, მაშასადამე,მკითხველი საზოგადოების წინაშე წარადგენენ ხოლმე ნაკლებადცნობილთ. მაგრამ მე და დონ მიგელი შევთანხმდით, ბოლომოვუღოთ ამ მავნე ჩვევას და პირუკუ მოვიქცეთ: ამჯერად, უცნობმაწარადგინოს ცნობილი. სიმართლე ითქვას, წიგნებს უფროშინაარსისთვის ყ...