Posts

Showing posts from January, 2016

უმანკოების მუზეუმი ლონდონს მიემგზავრება

Image
ნობელიანტი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის განცხადებით, ის მოხარულია, რომ უმანკოების მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების ნაწილი სტამბოლს გარეთ პირველად, ლონდონში გამოიფინება. ფამუქის რომანის „უმანკოების მუზემის“ მიხედვით შექმნილმა მუზეუმმა გახსნიდან 2 წლის შემდეგ „ევროპის წლის მუზეუმის“ ჯილდო დაიმსახურა. რომანის პარალელურად მუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით ორჰან ფამუქი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ ტიპის დაწესებულებები ეროვნული მნიშვნელობის საკითხებთან ერთად რიგით ადამიანებს წარმოადგენს. „მუზეუმი სტამბოლში მდებარეობს... შენობამდე მისვლა, ქუჩებიც კი, ამ მუზეუმის ნაწილია, თუმცა მიხარია, რომ „უმანკოების მუზეუმი“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს“, - აღნიშნავს მწერალი და იმედოვნებს, რომ ლონდონის შემდეგ გამოფენა სხვა ქალაქებსაც მოივლის.  ლონდონში „უმანკოების მუზეუმის“ გამოეფნა 3 აპრილამდე გაგრძელდება. წყარო - Irishexaminer ამავე თემაზე: ორჰან ფამუქი - უმანკოების მუზეუმი უმანკოების მუზეუმი | THE MUSEUM OF INNOCENCE

ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებლის შესახებ

Image
ეს ამბავი თანდათან იზრდებოდა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ბეჭდის დიდი ომის ისტორიად არ გადაიქცა, ამასთან, მოიცვა მცირე ნაწყვეტები უფრო ძველი მოვლენებისა, რომლებიც ამ ომს წინ უძღოდა.  ყველაფერი „ჰობიტის“ დაწერიდან მალევე და 1937 წელს, მის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. თუმცა გაგრძელების წერას მაშინვე არ შევდგომივარ, რადგან მანამდე მსურდა, დამესრულებინა და მომეწესრიგებინა ადრეული დღეების მითოლოგია და ლეგენდები, რომელთა ფორმირება იმ დროისთვის უკვე რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. ჩემი მიზანი იყო, საკუთარი თავისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა და მცირე იმედი მქონდა იმისა, რომ საზოგადოება ამ ნაწარმოებით დაინტერესდებოდა. აზრს ისიც მიძლიერებდა, რომ იგი ჩაფიქრებული იყო უპირველესად, როგორც ლინგვისტური ნაშრომი ელფური ენების „წარმოშობის ისტორიისთვის“ აუცილებელი ფონის შესაქმნელად. როდესაც იმ პირთა რჩევებმა და მოსაზრებებმა, რომლებსაც მე ყურადღების ღირსად მივიჩნევდი, მცირე იმედი სრულ უიმედობაში გადამიწურეს, გაგრძელების წერა დავიწყე ერთგული მკითხველის მოთხოვხოვნებით გათამამებულმა, რათა ჰობიტებ...

დენიელ კიზი - ყვავილები ელჯერნონისთვის

Image
მიხშეული წედეგების ანგარიწი#1 - ექიმ სტრაუს და პერფესორ ნიმურს უთხარი კარგათ ვერ ვშერმეთქი მარა იმან თქვა არაუწავსო ისე დაშერე როგორც ლაპარაკობ და კომპუზიციებს როგორც შერ მის კინიანის გაკვეთილებზეო ბეკმენის ჩამორჩენილ მოზდილთა სასშავლო ცენტრში. თეთრი რაღაცა ეცვა ექიმივით მარა მემგონი ექიმი არ იყო იმიტორო არ მითხრა პირი გააღე და ა თქვიო. ბერტი არც სტუმატოლოგი არარი მარა მეუბნებოდა მოდუნდი მოდუნდიო და მაგრა შემეშინდა იმიტორო ეგრე რო მეუბნებიან მერე მტკენენ ხოლმე. ბერტს უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა არი. იმან მითხრა ეგ არაფერი ეს ტესტი სხვა რამეზეა. ეხა ამბები უნდა მოიგონო სურათებზე რო ხალხია იმათზე. მე უთხარი იმათი ამბები როგორ უნა მოვყვე ვისაც არ ვიცნობ. იმან თქვა შარმოიდგინე მარა მე უთხარი ეგ ხო ტყუილის თქმა გამოვა. ტყუილებს აღარასოდეს აღარ ვიტყვი იმიტორო პატარა რო ვიყავი ვიტყუებოდი ხოლმე და მერე სუ მცემდენ. [...] იმან თქვა რო ეს ტესტი და ის მეორე შაჰის ტესტი პიროვნების გასაგებათ არი. მე გავიცინე. უთხარი ეგ როგორ უნდა გაიგო ქაღალდებზე დაღვრილი მელანით და იმ ხალხის ფოტოებით ვისაც...

ჯონ სტაინბეკი - თაგვებსა და ადამიანებზე

Image
ბიჭები, რანჩოში რომ ცხოვრობენ, მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ბიჭები არიან. არ ჰყავთ ოჯახი. არ აქვთ სახლი. მივლენ რანჩოში, ცოტას გამოიმუშავებენ და გავარდებიან ქალაქში ამ ფულის გასაფლანგად. მერე უცებ მოიხედავ და, ახლა სხვა რანჩოს მიადგებიან. ეგეთები მომავლისგან არაფერს ელიან. - ბოსი ალბათ სადაცაა მოვა, - უთხრა მოხუცმა, - გაბრაზდა, დილით ჩამოსულები რომ არ დახვდით. ვსაუზმობდით, რომ შემოვიდა და გიკითხათ: სად ჯანდაბაში არიან ის ახლებიო? და მეჯინიბეს კარგად მოხვდა მისგან. - მეჯინიბეს მოხვდა? - ჩაეკითხა ჯორჯი მოხუცს. - ცხადია. მეჯინიბე ზანგია. - ზანგი? ჰაჰ. არასდროს მინახავს, რომ ერთი კაცი მეორეს გამო პრობლემებს იქმნიდეს. ჩვენთან იშვიათად ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, - თქვა მან ჩაფიქრებით, - არ ვიცი, რატომ ხდება ასე. იქნებ ამ დაწყევლილ სამყაროში ყველას ეშინია ერთმანეთის. იმისათვის, რომ კეთილი იყო, ჭკუა სულაც არაა საჭირო. ის კი არა, მე ვფიქრობ, საერთოდაც პირიქით ხდება. აიღე ნებისმიერი ჭკვიანი ტიპი, იშვიათად, რომ კეთილიც აღმოჩნდეს. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს, ერთი კაცი მეორეს ე...

კურტ ვონეგუტი - გალაპაგოსი

Image
„მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები სულის სიღრმეში კარგები არიან“, - ანა ფრანკი (1929-1944) მილიონი წლის წინ, (1986 წელს), იმ შორეულ წარსულში თითქმის ყველა ინდივიდის ტვინი დაახლოებით სამ კილოგრამს იწონიდა! საზღვარი არ ჰქონდა იმ ბოროტებებს, რომლებიც ასე უზომოდ დიდ სააზროვნო აპარატს შეეძლო ჩაეფიქრებინა და განეხორციელებინა. შეიძლება თუ არა ეჭვის შეტანა იმაში, რომ ადამიანთა მოდგმის ევოლუციის თვალსაზრისი სამკილოგრამიანი ტვინი თითქმის საბედისწერო დეფექტი იყო? და კიდევ ერთი შეკითხვა: გარდა ჩვენი უკიდურესად გართულებული ნერვული სისტემისა, კიდევ რა იყო წყარო იმ ბოროტმოქმედებებისა, რომელიც ყველგან ხდებოდა იმ ეპოქაში? ჩემი პასუხი ასეთია: არავითარი სხვა წყარო არ არსებობდა. ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა - დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდა. *** ბროშურაში, რომელიც უფრო ბუნების მოყვარულებზე იყო გათვლილი, ვიდრე სიამოვნების მაძიებლებზე, მოყვანილი იყო დარვინის მიერ გალაპაგოსის ტიპური ლანდშაფტის აღწერა მისი პირველი წიგნიდან „მოგზაურობა „ბიგლით“. „პირველ დანახვაზე იფიქ...

ო' ჰენრი - კომბოსტო და მეფეები

Image
ანჩურიაში გეტყვიან, რომ ამ მუდმივი რევოლუციების რესპუბლიკის პრეზიდენტმა მირაფლორესმა თავი მოიკლა სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ კორალიოში, რომ სწორედ იქ გაიქცა კარს მომდგარი რევოლუციის უბედურებისგან თავის დასაღწევად და, რომ ხაზინის ფული, ასი ათასი დოლარი, რომელიც ამერიკული ტყავის საკვოიაჟით თან გაიყოლა თავისი პრეზიდენტობის მშფოთვარე წლების სამსახსოვროდ, ვეღარასოდეს იპოვეს. პატარა პაროდიული ერები მთავრობობანას თამაშით ერთობიან, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მათ წყლებში მდუმარე სამხედრო ხომალდი გამოჩნდება და ეტყვის: სათამაშო არ გატეხოთ! არც ერთი ენა არ არის ძნელი ადამიანისათვის, თუ სჭირდება. არითმეტიკის მიხედვით ერთი და ერთი ორია, რომანტიკის წესის თანახმად კი - ერთი. არსებობს ძველი, უცნაური თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანს ორი სული აქვს: ერთი - პერიფერიული, რომელიც მას ჩვეულებრივ ემსახურება, და მეორე - შინაგანი, რომელიც მხოლოდ დროდადრო იღვიძებს, მაგრამ, როცა გაიღვიძებს, აქტიური და ენერგიულია. პირველის ზეგავლენით ადამიანი იპარსავს, ხმას აძლევს, გადასახადებს იხდის, ოჯახს ინახავს, ავ...

პაოლო იაშვილი - პოეტი საქართველოში

Image
(ფრაგმენტები) თუ საქართველოს პოეტების ქვეყანა ერქვა, რამდენი იყო ნამდვილი პოეტი?.. მთელი უკანასკნელი ლიტერატურა ამოიწურა, სიტყვებში „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევ გაიღვიძებს“. ბევრი ქართული ლექსი ან პოეტი მიაღწევს მეოცე საუკუნის ნახევრამდის? ბარათაშვილის „მერანი“ უკვე დაიღალა ორმოცდაათი წლის ჭენებით, ახლა ის ბებერი, ტყავგამხმარი და ფერდებჩაცვენილი ჭაკი ცხენია, და ვიღას გააკვირვებს? მისი უნაგირი ჩიმჩმა დახრა, და მხედარიც ხერხემალმოღუნული, უკანსკნელ დასვენებას ელოდება. „ქართვლის დედას“ ძუძუები დაუშრა, ისინი ჰკიდიან გალურჯებულ გულის ტყავზე, როგორც ორი რკინის ლაფათქა, და ბავშვებს ეშინიათ მათი მოფერებაც კი. საიდუმლო ბარათს ჩვენი საუკუნე აღარ უპასუხებს და აღმართ-აღმართ სიარული ისე ნელი იყო, რომ მწვერვალამდის ვერ მიაღწია, მეოთხედ გზაზე სიბერე დაეწია პატიოსან მოგზაურს და ტკბილად დაიძინა მამადავითზე. მამადავითი პატარა მთაა შედარებით გიმალაებთან. ძლიერი იყო ჯიშიანი ხარის ღრიალი თერგის ხევებში, გრიგოლ ორბელიანის აბღავლება ჯერ კიდევ აზანზარებს ყურებს... ჩვენ საუკუნეს შერჩება ბახტრი...

კურტ ვონეგუტი - სარწეველა ფისოსათვის

Image
დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლული და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გამოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ… ამ წიგნში სიმართლის მისხალს ვერ ნახავ. „ფოომას - იმ უვნებელ ტყუილს მისდიე, რაც სამომავლოდ კეთილს, მამაცს, ჯანმრთელსა და ბედნიერს გაგხდის“. ბოკონონის წიგნები, 1:5 ახალგაზრდობისას, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3 000 კვარტი სასმლის მიღებამდე - მოკლედ, როცა ბევრად უფრო ჯეელი გახლდით, მასალის შეგროვებას შევუდექი ერთი წიგნისთვის, რომლის სათაურად "სამყაროს აღსასრული" მქონდა შერჩეული. წიგნი მომხდარ ამბავს უნდა დაფუძნებოდა. ანუ იმის ერთგვარი ანგარიში უნდა ყოფილიყო, თუ რა მოიმ...

დენ ბრაუნი - ინფერნო

Image
ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგას. ფაქტები: წიგნში ნახსენები ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშები, სამეცნიერო მონაცემები თუ ისტორიული მოვლენები ნამდვილია. „კონსორციუმი“ კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში აქვს. მისი ნამდვილი სახელი, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, წიგნში შეცვლილია. „ინფერნო“ - მიცვალებულთა სამეფო, აღწერილი დანტე ალიგიერის ეპიკურ პოემა „ღვთაებრივ კომედიაში“ - რთულად ორგანიზებული მიწისქვეშა სამყაროა, რომელშიც ე.წ. აჩრდილები, ანუ სიცოცხლისა და სიკვდილს შორის დარჩენილი უსხეული სულები ბინადრობენ. მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან დაცინვებისა, ბოსის მორალური კრედო კლდესავით მტკიცე რჩებოდა. საკუთარი რეპუტაცია და მთელი კონსორციუმი მან ორ ოქროს წესზე ააგო: 1. არასდროს დაჰპირდე იმას, რისი შესრულებაც არ ძალგიძს. 2. არასდროს მოატყუო კლიენტი. არასდროს. [...] კონსორციუმის მთელი საქმიანობა პერსონალს შორის მკაცრად განსაზღვ...

დანტე ალიგიერი - ღვთაებრივი კომედია

Image
ჯოჯოხეთი დანტემ იცნო ვერგილიუსი, დიდი რომაელი პოეტი. ხოტბა შეასხა და თავისი მასწავლებელი უწოდა. თან დასძინა, რომ მისი ლამაზი სტილის გავლენით შექმნილი ლექსებით მოიხვეჭა სახელი. ვერგილიუსმა დანტეს აცნობა, რომ ჯოჯოხეთსა და სალხინებელში თავად გაუწევდა მეგზურობას, აჩვენებდა იმ ზომამდე დატანჯულ სულებს, მეორედ სიკვდილს რომ ნატრობდნენ. ისეთებსაც, ვინც საკუთარ მდგომარეობას ნეტარ სულებთან შეერთების იმედით შეგუებოდა. ზეცაში კი ბეატრიჩე დახვდებოდა. რადგან ვერგილიუსი წარმართი იყო, ქრისტეს შობამდე დაიბადა, ამიტომაც სამოთხეში ვერ შევიდოდა. დანტეს არ შორდებოდა შიში, ვიათუ რთული გზის გავლა ვერ შევძლოო. ენეასი რომ ჯოჯოხეთიდან უვნებელი დაბრუნდა, ამის მიზეზი მისი დიადი დანიშნულება იყო. ღმერთმა დაიფარა იგი, რადგან ენეასს ქალაქი რომი უნდა აეშენებინა, დანტე კი ენეასი არ იყო, ამიტომ ფიქრობდა, ჩემი მოგზაურობა უგუნური ნაბიჯი იქნებაო. [...] „თუ კარგად გავიგე, უკან დაბრუნება გადაგიწყვეტია. ლაჩარივით არ უნდა მოიქცე. იმ ცხოველს ჰგავხარ, რომელსაც ის აშინებს, რაც არ უნახავს“, - უთხრა ვერგილიუსმა. ბეატრიჩ...