Posts

Showing posts from December, 2016

პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ოცდათორმეტჯერ წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება...

Image
გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად. *** პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ოცდათორმეტჯერ წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება და ოცდათორმეტჯერვე დამარცხდა. ჩვიდმეტი ქალისგან ჩვიდმეტი ვაჟიშვილი შეეძინა და ჩვიდმეტივე ერთ ღამეს მოუკლეს, უფროსი ოცდათხუთმეტი წლისა მოკვდა. თვითონ აურელიანოს თოთხმეტჯერ დაესხნენ თავს მოსაკლავად და გადარჩა, სამოცდაცამეტჯერ ჩაუსაფრდნენ და კიდევ გადარჩა, დახვრეტაც აიცდინა და ერთხელაც იმდენი ქინაქინა ჩაუყარეს ყავაში, ცხენს რომ გააფრთხობინებდა სულს, მაგრამ აურელიანო გადარჩა, მან უარი თქვა რესპუბლიკის პრეზიდენტის ნაბოძებ ორდენზე. იგი გახდა რევოლუციური ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო მსაჯული. ქვეყანაზე არ მოიძებნებოდა კაცი, ვისაც ასე შინებოდა მთავრობას. *** „ცუდია, როცა სულ არ იცი, რისთვის იბრძვი, ან როცა ისეთი რაღცისთვის იბრძვი, რაც არავის არაფრად სჭირდება“.

სად გაუჩინარდნენ და ვინჩის, ბოტიჩელის, ველასკესის, გოიას, პიკასოს და ვერმეერის ფიგურები?

Image
რა მოუვიდოდა ხელოვნების ნიმუშებს, თუკი ტილოებზე გამოსახული ფიგურები გაუჩინარდებოდნენ?  ამ კითხვას ხოსე მანუელ ბალესტერმა, ესპანელმა ხელოვანმა გასცა პასუხი, რომელმაც ლეონარდო და ვინჩის, სანდრო ბოტიჩელის, ველასკესის, გოიას, პიკასოს და იან ვერმეერის ტილოებიდან ფიგურები „გააქრო“. Leonardo da Vinci - The Last Supper Sandro Botticelli - The Birth of Venus Diego Velázquez - Las Meninas Francisco Goya - The Third of May 1808 Johannes Vermeer - Art of Painting Pablo Picasso - Guernica

რა საიდუმლოს ამხელს ჯ.კ. როულინგი სევერუს სნეიპის შესახებ?!

Image
მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა მკითხველებს გაანდო, რომ ალბუს დამბულდორი გეია, ჰაგრიდს კი პატრონუსის შელოცვის გამოყენება არ შეუძლია, სევერუს სნეიპის ჯერიც დადგა.  აღმოჩნდა, რომ სნეიპი ძლიერი ლეგილიმენსია. ლეგილიმენცია სხვა ადამიანის ტვინში შეღწევის უნარია. ჯადოქარს, რომელიც ამ უნარს ფლობს, სხვისი აზრებისა და მოგონებების ამოკითხვა შეუძლია. ლეგილიმენციით გამორჩეულად ნიჭიერი მაგები არიან დაჯილდოვებულნი. როულინგის ეს განმარტება ხსნის, თუ რატომ დაავალა ალბუს დამბლდორმა სევერუს სნეიპს ჰარის ოკლუმენციაში (გონების დაცვა თავდამსხმელისგან) გაწვრთნა. ახალი დეტალები სნეიპის შესახებ როულინგმა ფანებს ტვიტერის მეშვეობით გაუმხილა. ერთ-ერთ მკითხველს უცნაურად მოეჩვენა სნეიპისა და ვოლდემორის შემთხვევაში ასე რთულად წარმოდგენილი ლეგილიმენციის უნარი, როცა  ახალ ფილმში „ფანტასტიკური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ ვხვდებით პერსონაჟ ქუინის, რომელიც აზრებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე კითხულობს. ჯოან როულინგმა მკითხველს აუხსნა, რომ სნეიპმა ეს უნარი ვარჯიშით განავითარა, ხოლო ქუინი ამ ნიჭით დ...

ერნესტ ჰემინგუეი - სეზანის მხატვრობამ მასწავლა, რომ...

Image
„სეზანის მხატვრობამ მასწავლა, რომ ნამდვილი, უბრალო ფრაზები კიდევ არ არის საკმარისი, რათა მისცე მოთხრობას ის ტევადობა და სიღრმე, რის მიღწევასაც მაშინ ვცდილობდი.  მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან, სახელდობრ რა, ამის გარკვევით ახსნა არ შემიძლია. გარდა ამისა, ეს საიდუმლოც არის“. ერნესტ ჰემინგუეი - „დღესასწაული, რომელიც მუდამ თან გახლავს“

ჟან კოკტო - მოგონებები ამადეო მოდილიანიზე

Image
„აი, ჩვენი მოედანი. ქვაფენილზე მოდილიანი ცეკვავს, რაღაც დათვური ილეთები გამოჰყავს.  კისლინგი მეასეჯერ უმეორებს: „წავიდეთ, შინ წავიდეთ!“  ჯიუტად იქნევს ხუჭუჭა თავს. ამადეო მოდილიანი - ჟან კოკტოს პორტრეტი, 1917წ. ახლა სხვა ცეკვა იწყება.  ესპანურ მანერაზე წევს ხელებს ზევით, თითებს ატკაცუნებს და ტრიალებს. კისლინგი მიდის.  მოდილიანი სატანასავით ხარხარებს და კიდევ უფრო მეტი გატაცებით განაგრძობს ცეკვას“.

ბაჩანა ბრეგვაძე - მარკუს ავრელიუსი

Image
„წარმართულ სამყაროში შეიძლებოდა ყოფილიყო ქველი იმპერატორი - მარკუს ავრელიუსი, მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ სამყაროში თვით გარდასულ საუკუნეთა მბრძანებლები - ფრანგი ლუდოვიკოები თუ ნაპოლეონები, ჩვენი ეკატერინე II-ები და ნიკოლოზ I-ები, გერმანელი თუ ინგლისელი ფრიდრიხები, ჰენრიხები და ელიზავეტები, მეხოტბეთა მთელი მცდელობის მიუხედავად, ზიზღის მეტს ვერაფერს გვინერგავენ ჩვენს დროში“, - ლევ ტოლსტოი.  *** მარკუს ავრელიუსის ტახტზე ასვლით მთავრდება ე.წ. „რომაული მშვიდობიანობის“ (Pax romana) პერიოდი და იწყება ძნელბედობათა ახალი ციკლი იმპერიის ცხოვრებაში. წყალდიდობანი, მიწისძვრები და შიმშილობანი, ბარბაროსთა შემოსევები და შინააშლილობანი, - აი, რითი აღინიშნა მარკუს ავრელიუსის პრინციპატობის დასაწყისი. *** „...გუშინ, ნავახშმევს, წიგნებს ჩავუჯექი და ვკითხულობდი საღამოს ცხრა საათიდან დღის ორ საათამდე. ორიდან სამამდე სანდლების ამარა ვსეირნობდა ჩემი ოთახის წინ. მერე ფეხთ ჩავიცვი, საგუმი მოვისხი, - რადგან ნაბრძანები მაქვს ასე ვეახლო იმპერატორს და გავწიე, რათა მივსალმებოდი ჩემს მბრძანებელს. სანადი...

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - 1918 წლის ომი სომხეთთან

Image
1918 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა შორის ურთიერთობა ისე გართულდა, რომ ჩვენი მთავრობა იძულებული შეიქნა სომხეთის საზღვრებისათვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია.  საჭიროა აქ მოვიხსენო, რომ, როდესაც ოსმალები იერიშით მიდიოდნენ სომხეთზე, ქართულმა ჯარებმა გერმანელების დახმარებით შეაჩერეს ისინი სოფელ სანაინის რაიონში, სადაც შემდეგში დაიდო ჩვენი სახელმწიფოს საზღვარი. უთანხმოება ამ ორ მთავრობას შორის დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბრიდან, როდესაც სომხეთის არმიის პირველი და მეოთხე ლეგიონები მოულოდნელად გადმოვიდნენ სახელმწიფოებრივ საზღვარზე სადგურ კობერსა და იქვე, ახლო მდებარე ხიდს შუა და დაიჭირეს სანაინის მიდამოები. საქართველოს მთავრობამ გენ. გ. წულუკიძე ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა და მას დაუქვემდებარა ყველა იქ დაბანაკებული ჯარის ნაწილები, და ამასთანავე, მის განკარგულებაში გაიგზავნა მე-2 დივიზიის ზოგიერთი ნაწილი. ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური მოლაპარაკებანი 9 დეკემბრამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში სომხები გაფაციცებით ემზადებოდნენ ს...

ბლეზ პასკალი - ძალა და სამართლიანობა

Image
ნაწყვეტი ბაჩანა ბრეგვაძის ესსედან - „ნიკოლო მაკიაველი“ პოლიტიკისა და მორალის ურთიერთმიმართების საკითხი, დელიკატური პრობლემაა, რომელიც არსებითად ძალისა და სამართლიანობის თანაფარდობამდე დაიყვანება.  იშვიათად, თუ ვინმეს გამოუთქვამს უფრო ცხადად და სხარტად ამ თანაფარდობის არსი, ვიდრე ეს მოახერხა ბლეზ პასკალმა: „მართებულია დაემორჩილოთ სამართლიანობას, შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია; ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია. უძლურ სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ, იმიტომ რომ ამქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი; უსამართლო ძალა კი ყოველთვის აღაშფოთებს კეთილთ. მაშასადამე, საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა; ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი, ანდა ძალა - სამართლიანი“. ბლეზ პასკალი, „აზრები“, ფრანგულიდან თარგმნა ბ.ბრეგვაძემ, „საუნჯე“, 1976წ.

ჯორჯ რ.რ. მარტინი Game of Thrones-ის შესახებ: არ ელოდოთ ბედნიერ დასასრულს

Image
ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერიის - „ყინულისა და ცეცხლის“ სიმღერის ავტორის, ჯორჯ მარტინის განცხადებით, მკითხველები და სერიალ „სატახტოთა თამაშების“ მოყვარულები სერიის მეექვსე წიგნით - „ზამთრის ქარებით“ შესაძლოა უკმაყოფილონი დარჩნენ. „ყინულისა და ცეცხლის“ სიმღერის მეექვსე ნაწილის - „ზამთრის ქარების“ დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ავტორს არც იმის თქმა შეუძლია, როდის დაასრულებს წიგნის წერას. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, HBO „სატახტოთა თამაშების“ მეშვიდე სეზონის გაშვებას წიგნის მაღაზიაში გამოჩენამდე გეგმავს. „წიგნში, რომელსაც ვწერ, ამ დროისთვის არაერთი ბნელი თავია. მას „ზამთრის ქარები“ ჰქვია. 20 წლის განმავლობაში გაფრთხილებდით, რომ „ზამთარი მოდის“. ზამთარი - ეს ხომ ის დროა, როდესაც სიკვდილი, სიცივე, ყინული და სიბნელე ავსებს სამყაროს, ასე, რომ, „ზამთრის ქარები“ არ იქნება ისეთი „ბედნიერი“, როგორსაც ელიან. ზოგიერთი პერსონაჟი ძალიან ბნელ ადგილას აღმოჩნდება. კლასიკური სტრუქტურის ნებისმიერ ნაწარმოებში, იქამდე, სანამ ყველაფერი კარგად იქნება, მოვლენები უარესდება...", -...

ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და ნუ მოკლავ ჯაფარას სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს

Image
„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ვირჯინიის სკოლების ნაწილში, სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს. მიზეზი მშობლების საჩივარია, რომლის თანახმად აღნიშნული წიგნები რასისტული დისკრიმინაციის მატარებელია. ჰარპერ ლისა და მარკ ტვენის შედევრები სასკოლო მასალებიდან ერთ-ერთი მოსწავლის დედის ოფიციალური საჩივრის  გამო ამოიღეს. თავად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ფერადკანიანია. საჩივრის მთავარი მიზეზიკი ორივე რომანში ხშირად გამოყენებული სიტყვა - „ზანგი“ იყო. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ მოზარდ მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ა.შ.შ.-ს ბიბლიოთეკების ასოციაციის მონაცემებით, მარგარ ეტეტვუდის „მხევლის წიგნთან“, „ანა ფრანკის დღიურებთან“ და „რომეო და ჯულიეტასთან“ ერთად, ისინი ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სიის სათავეში არიან.

ნიკოლო მაკიაველი - სამხედრო ხელოვნებისათვის

Image
ნიკოლო მაკიაველის რჩევები სამხედრო ხელოვნებისთვის: • ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისთვის, საზიანოა შენთვის; ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის საზიანოა მტრისათვის. იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების უფრო მეტი იმედი ჰქონდეს. • ყველაზე კარგი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის. • უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით. ეს ხელოვნება ყოველგვარ სხვა ხელოვნებაზე სასარგებლოა. • თუკი მოწინააღმდეგის მოლაშქრეთა ნაწილი შენს მხარეზე გადმოვა და ერთგულად გემსახურება, ყოველთვის დიდ წარმატებად მიიჩნიე ეს. მოღალატენი უფრო მეტად ასუსტებენ მოწინააღმდეგეს, ვიდრე მოკლულნი, თუმცა ისინი საეჭვონი ჩანან ახალი მეგობრების თვალში და საძულველნი - ძველების თვალში. • ძნელი მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც. მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვ...

ნიკოლო მაკიაველი - ლომი და მელა

Image
უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე - ძალის მეშვეობით.  პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი მხეცებისათვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისათვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი. სწორედ ასეთი, თუმცაღა შეფარვით გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ: ამ ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი უნდა ითვისებდეს და ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას, და რომ ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისგან, მელას - მგლისგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო...

ლეონარდო და ვინჩი - ატლანტიკური კოდექსი

Image
ნაწყვეტი ბაჩანა ბრეგვაძის ესსედან - „ნიკოლო მაკიაველი“ ლეონარდო და ვინჩის „ატლანტიკურ კოდექსში“ ავტორის ცაცია ხელით ჩაწერილია მომწამლავ ნივთიერებათა (თანადროული ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური იარაღის პროტოტიპი) დამზადების რამდენიმე რეცეპტი: „აიღე დარიშხანი და გოგირდს ან რეალგარს შეურიე იგი. საშუალება - ვარდის წყალი. გამოხდილი გომბეშოს სისხლი. ცოფიანი ძაღლის დუჟი და გამოხდილი შინდის წვენი. ტარენტული ობობა. სპილენძის ჟანგისა და შხამიანი კირის ფხვნილი ხომალდებზე შესატყორცნად“... ან კიდევ: „გალერებზე შხამიანი ფხვნილის შესაფრქვევად: ერთად დანაყილი კირი, აურიპიგმენტი, სპილენძის ჟანგი პატარა ბალისტებით უნდა ისროლო მტრების შუაგულში. მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ ქარმა შენკენ არ შემოაბრუნოს ეს მტვერი. ანდა ცხვირ-პირი აკრული გქონდეს სველი ტილოთი, რომელიც ხელს უშლის მტრის შეღწევას“.

პოლ ვალერი - დიქტატურის კონცეფცია

Image
დიქტატურის პოლ ვალერისეული კონცეფციის თანახმადაც, აბსოლუტური ერთმმართველობის მოთხოვნილება, მაკიაველისა არ იყოს, სწორედ ერის ცხოვრების კრიზისულ მომენტში იჩენს ხოლმე თავს, როცა ათასგვარი სიმპტომი უტყუარად მოწმობს, რომ სახელმწიფო მექანიზმი სრულიად უვარგისი და უმაქნისი ხდება; როცა თანდათანობით მძაფრდება უმწეობისა და გარდუვალი აღსასრულსი შეგრძნება, და როცა ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც დასაღუპად განწირული ხომალდის მგზავრი: „სწორედ ამ დროს გარდაუვალად ყალიბდება სულებში იდეა იმის საპირისპიროსი, რაც არის: - დაბნეულობის, არეულ-დარეულობის, საყოველთაო ყოყმანის მაკომპენსირებელი იდეა... როგორც შიმშილი იწვევს ნუგბარი ხორაგით დაზვინული ხონჩების წარმოდგენას, ხოლო წყურვილი - სანუკვარი სასმელებისას, ასევე კრიზისის, წინასწარ საგრძნობი საფრთხის მტანჯველი მოლოდინი ბადებს იმის მოთხოვნილებას, რომ ბოლოს და ბოლოს, იხილო ძალაუფლების მოქმედება, ჩასწვდე ამ მოქმედების შედეგთა არსს, - და უმრავლესობის სულში აყალიბებს ძლევამოსილი, სწრაფი, გადამჭრელი, ყოველგვარი დაბრკოლებისა თუ პირობითობის, ყოველგვარი პასიური ...