Posts

Showing posts from October, 2013

ბლეზ პასკალი - მსჯელობა სიყვარულის ვნებებზე

Image
ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს. მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ, საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში, ღლის და და ღონეს აცლის. ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენება და ვერაფრით ეგუება. მას მოძრაობა და მოქმედება სჭირდება, ამიტომ დრო და დრო აუცილებლად აყვება გრძნობებს, რომელთა მაცოცხლებელ სათავეს საკუთარ გულში აღმოაჩენს. ვნებანი, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანს და რომლებიც საკუთარ თავში სხვა გრძნობებსაც შეიცავენ, სიყვარული და ამბიციაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ ხშირად აერთიანებენ და შედეგად, ერთიც და მეორეც ერთნაირად სუსტდება, ან სულაც მოიშთება. ყოვლისმომცველი გონების ადამიანიც კი მხოლოდ ერთ დიდ გრძნობას განიცდის; ამიტომ, როდესაც სიყვარული და ამბიცია ერთმანეთს ხვდება, ისინი ნახევარი თუ არიან იმისა, რაც ერთმანეთის გარეშე იქნებოდნენ. ასაკი არაფრით განაპირობებს ამ ორი გრძნობის დასაწყისს და...

უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინი - რა სწამს მას, ვისაც არ სწამს

Image
„რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“ - უმბერტო ეკოსა და კარდიანლ მარტინის დიალოგი 1996 წელს, იტალიაში გამოიცა. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალსაზრისით; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები - ამ თემებზე უმბერტო ეკო და კარლო მარია მარტინი საუბრობენ.  გამომცემლობა „დიოგენე“, 2012 წ. ახალი აპოკალიფსის შიშით შეპყრობილი საერო სამყარო - უმბერტო ეკო, მარტი 1995წ. ...აჩრდილთა ძალა ხომ სწორედ მათ არარეალურობაშია. მხოლოდ მას შეუძლია შეიყვაროს ამქვეყნიური, მიწიერი, ვისაც ისტორიის მიმართულების შეგრძნება აქვს (თუნდაც მეორედ მოსვლა არ სწამდეს) და სწამს - მოყვასის სიყვარულით - რომ კიდევ არსებობს ადგილი იმედისათვის. იმედი აღსასრულს მიზნად აქცევს - კარდინალი მარტინი, მარტი 1995წ. მორალურ შეფასებებში ხომ ასე ადვილად წარმოიშობა ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა. მომავლის შიში მარად არსებობს და მილენარიზმები გამუდმებით მეორდება საუკუნეთა მანძილზე, როგორც სექტების, ისე იმ ფარული ქილიაზმების სახით, რომლებიც სიღრმისეულად ასულდგმულებს დიდ უტოპ...

მიგელ ანხელ ასტურიასი - გვატემალა

Image
„გვატემალის ლეგენდები“ ოთხთვალა არ ჩქარობს და დღეში თუ საათის სავალს გადის - დიდია. გზისა და ქუჩის შესაყართან პირველი დუქანი დგას. მედუქნეები ბებრები არიან, კუზიანები, სულთამხილველნი და უებრო მეზღაპრენი და ბოშების გამოჩენისას კარებს რაზავენ: ისინი ბავშვებს იპარავენ, ცხენის ხორცს ჭამენ, მუსაიფს უბამენ ეშმაკს და ღმერთს გაურბიან. ქუჩა გადატეხილი ხმალივით ერჭობა მოედნის მუშტში. მოედანი პატარაა და ძველ, კეთილშობილ პორტალთა ჩარჩოშია მომწყვდეული. ძალიან ძველ და ძალიან კეთილშობილ პორტალთა ჩარჩოში. მათ, ვინც მოედანზე და მოედნის მეზობლად ცხოვრობს, ეპისკოპოსსა და ალკალდთან მეგობრობა აქვთ, უბირთ კი მხოლოდ წმინდა იაკობის დღეს უყადრებენ თავს და ეპისკოპოსის სასახლში, როგორც ყველამ უწყის, ბატონის ქალიშვილები ფინჯანი შოკოლადით უმასპინძლდებიან. ზაფხულში ფოთლები ყვითლდება, ხეებს სცვივა და ისე გამჭვირვალეა ყველაფერი, როგორც ძველი ღვინო. ზამთარში მდინარე დიდდება და ხიდი მიაქვს. თქმულების მიხედვით, რომლის არც დედაბერთ სჯერათ ახლა და არც ბავშვებს, ქალაქი ნამარხ ქალაქებზე დგას. კედლები რძიანი კირის...

ვაჟა-ფშაველა - კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

Image
ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.  როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენ...

ილია ჭავჭავაძე - ოსმალოს საქართველო

Image
ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გავრტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთტან, როგორც ერთობა ისტორიისა.  ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, - მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო. „ივერიის“ წარსულ ნომერში მოხსენიებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი ...

ვაჟა-ფშაველა - მღვდლების ვინაობა

Image
გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება.  თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს… ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ? თუ დროთა ვითარებ...

თომას ჰობსი - ლევიათანი

Image
თავი XIII კაცთა მოდგმის ბუნებით მდგომარეობაზე მის ბედნიერებასა და უბედურებასთან კავშირში ბუნებამ იმდენად თანასწორნი შექმნა ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მხრივ, რომ, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება სხვაზე აშკარად ღონიერი ან გონებაგახსნილი იყოს, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ვინმემ თქვას, მე რაღაც ისეთი სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას ასეთივე პრეტენზია ვერ ექნებაო. სხეულის ძალა რომ ავიღოთ, ის ყველაზე სუსტსაც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ყველაზე ღონიერი მოკლას, თუკი რაიმე ფარულ ხრიკს მიმართავს ან იმას შეეკვრება, ვისაც ეს ღონიერი ადამიანი აგრეთვე საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება გონებრივ შესაძლებლობებს, თუ გამოვრიცხავთ სიტყვის ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ზოგადი და უეჭველი წესებით ხელმძღვანელობის უნარს, მეცნიერებას რომ უწოდებენ – ეს უკანასკნელი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და ისიც მხოლოდ ვიწრო სფეროში, თანაც ის ადამიანს თანდაყოლილად არ ეძლევა და არც სხვადასხვა საგნებზე დაკვირვებით უვითარდება, როგორც, მაგალითად, კეთილგონიერება, – მე ადამი...

მაქს ბროდი - ფრანც კაფკას ცხოვრების უკანასკნელი წლები

Image
„აქ, ჩემს ირგვლივ, არავინაა ისეთი, რომ ჩემი ესმოდეს. გყავდეს ერთი ადამიანი, ვისაც ესმის შენი, თუნდაც ცოლი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველი მხრიდან საყრდენი გაქვს. თვით ღმერთიც შენთანაა“ - წერდა კაფკა 1915 წელს თავის დღიურში. ამგვარი ბედნიერება მან ცხოვრების უკანასკნელ წლებში თითქოს იგემა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, მისი ცხოვრების დასასრული უფრო პოზიტიური და სიცოცხლით აღსავსე იყო, ვიდრე მთელი მისი ცხოვრება მანამდე. 1923 წლის ზაფხულში ფრანცი თავის დასთან და დისშვილებთან ერთად იმყოფებოდა ბალტიის ზღვისპირა ქალაქ მიურიცში. აქ მან აღმოაჩინა საზაფხულო ბანაკი, ბელრინელ ებრაელთა სახალხო თავშესაფარი, რომელცი დოქტორმა ლეემანმა დააარსა. სწორედ ამ სახლის სამზარეულოში შეამჩნია მან გოგონა, რომელიც თევზს ასუფთავებდა. „ასეთი ნაზი ხელები და ამგვარი სისხლიანი საქმე?!“ - გაიკვირვა კაფკამ. გოგონას ისე შერცხვა, რომ დაბნეულობისგან არ იცოდა რა ეღონა. ამგვარი გახლდათ კაფკას პირველი შეხვედრა დორა დიმანტთან, თავისი ცხოვრების მომავალ თანამგზავრთან. დორა დიმანტი მაშინ ცხრამეტი თუ ოცი წლისა იქ...

ფრანც კაფკას წერილი მშობლებისადმი

Image
წერილი დაწერილია 1924 წლის 2 ივნისს, ფრანცის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე უსაყვარლესო მშობლებო, ხშირად მწერთ, ჩამოვალთო, მაგრამ ვერ ახერხებთ, არადა, რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ, პრაღაში ერთად ყოფნას არ ვთვლი, ეს მხოლოდ იმჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარეობდა და ვეღარც კი ვიხსენებ, როდის იყო ეს. წერილებიდან ვხვდები, რომ მამას დღევანდელი ღვინისა ბევრი არა გაეგება რა, რაც შეეხება ლუდს, აქ კი მე მას სავსებით ვეთანხმები. მახსენდება ჩვენი ერთობლივი ლუდის სმა, როცა მამას ქალაქის საცურაო სკოლაში დავყავდი... ძალზედ გამიხარდებოდა, თუ მესტუმრებოდით. ამას ალბათ ბევრი დაბრკოლება ეღობება წინ, უპირველეს ყოვლისა კი მამას პასპორტთან დაკავშირებული სიძნელეები. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ალბათ უკვე იცით, პირველი სირთულეების შესახებ აქაც და ვენაშიც. ამ ყველაფერმა, ცოტა არ იყოს, ძალღონე გამომაცალა. ამას ტემპერატურის სწრაფი დავარდნაც დაერთო, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჩემს დასუსტებას. დორასა და რობერტის წყალობით მხოლოდ ახლაღა გამოვდივარ ამ დაუძლურებული მდგომარეობიდან (ნეტავ რა მე...

ფრანც კაფკას წერილი დისადმი

Image
საყვარელო ფალი, მაგიდა ბუხართან დგას, მე ბუხრისაკენ ზურგშექცევით ვზივარ და შესანიშნავად მითბობს ამ მუდამ ცივ ზურგს.   ჩემი ნავთის ლამპაც არაჩვეულებრივად ანათებს. ეს ლამპა ხომ ნამდვილი შედევრია, როგორც ნაკეთობის, ასევე ყიდვის თვალსაზრისითაც. იგი ცალ-ცალკე შეგროვებული, სხვადასხვა ნაწილებისგანაა შეკოწიწებული. (რა თქმა უნდა, არა ჩემს მიერ; აბა, ამას მე როგორ გავაკეთებდი!) ერთი სიტყვით, ამ ლამპასთან ვზივარ და ვკითხულობ შენს უკვე ძველ, მაგრამ ძვირფას წერილს. საათი წიკწიკებს. წარმოგიდგენია, ამასაც შევეჩვიე, მხოლოდ იშვიათად ვაქცევ ყურადღებას. (ადრეულ წერილებში კი აშკარად ჩანს, რომ კაფკას მეტისმეტად აღიზიანებდა საათის წიკწიკი, ყოველნაირად ცდილობდა საათი მისი ოთახიდან კარგა მოშორებით ყოფილიყო.) ახლა საათს ჩემთან გარკვეულწილად კარგი დამოკიდებულება აქვს. არადა, სულ ახლახანს არ იყო, საათს და ამგვარ ნივთებს, ზურგი რომ ვაქციე? უფრო სწორად, მათ მაქციეს ზურგი, თუმცა კარგი გაგებით. ამის გადმოცა ძნელია, კალენდარიც კი განმიდგა თითქოს, სულ ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ მაშინღა მახსენებს თავს, ...

ფრანც კაფკას მოგონება მამაზე

Image
როცა პატარა ბიჭი ვიყავი და ჯერ ცურვა არ ვიცოდი, მამას, რომელმაც ასევე არ იცოდა ცურვა, საცურაო აუზზე დავყავდი. მახსოვს, ვისხედით შიშვლები, მივირთმევდით ძეხვს, პურს და ზედ მამას საყვარელ ლუდს ვაყოლებდით. საუზმე მამას ყოველთვის თან მოჰქონდა, რადგან საცურაო სკოლის სასაუზმეში ყველაფერი ძვირი ღირდა. შეგიძლია წარმოიდგინო ეს მკაცრი კაცი პატარა მშიშარა ბიჭუნასთან ერთად? ან ის, როგორ ვიცმევდით პატარა ბნელ ოთახში? ან თუნდაც ის, ძალზე დამორცხვებულს როგორ მექაჩებოდა მამა, გასახდელიდან გარეთ რომ გამოვეყვანე? შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ უნდოდა მამას, რომ მე, ამ ეგრეთ წოდებულ ცურვაზე ვეტარებინე, კიდევ ეს ლუდის სმაც?! რა უცნაური იყო?!

ალფრედ რასელ უოლესი - სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

Image
ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომელიც ოდესმე გამოთქმულა სახეობათა შორის თავდაპირველი და მუდმივი განსხვავების შესახებ, არის ის, რომ ადამიანის მიერ გამოყვანილი სახესხვაობანი მეტნაკლებად ცვალებადია და ხშირად ისწრაფვიან იმისკენ, რომ დაუბრუნდნენ წინაპარი სახეობების ბუნებრივ ფორმას. მიჩნეულია, რომ ამგვარი არასტაბილურობა ყველა სახესხვაობის დამახასიათებელი თავისებურებაა, მათ შორის, ბუნებრივ პირობებში მყოფი ცხოველებისთვისაც, რაც თავდაპირველად წარმოშობილ განსხვავებულ სახეობათა უცვლელობას უზრუნველყოფს.  ნატურალისტებისთვის ამ არგუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ველური ცხოველების სახესხვაობებზე ფაქტების უქონლობისა და დაკვირვებების ნაკლებობის გამო, რასაც სახეობათა მუდმივობის შესახებ არსებული ძალიან ზოგადი და რამდენადმე ცრუ წარმოდგენისკენ მივყავართ. ასევე ზოგადია მოსაზრება იმის შესახებ, რასაც „უცვლელი ან ჭეშმარიტი სახესხვაობები“ ჰქვია – კერძოდ, ცხოველთა რასებზე, რომლებიც გამუდმებით თავისსავე მსგავსს წარმოქმნიან. მაგრამ, ამავე დროს, ისინი ისე უმნიშვნელოდ (თუმცა ხანგრძლივად) განსხვავდებიან ს...

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ

Image
თავი 1  მოკითხვა რომაელებს 1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის, 2. რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში, 3. თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად, 4. განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, 5. რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხი, 6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ წოდებულნი; 7. ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან. სურვილი რომში მისვლისა 8. პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ წუთისოფელში. 9. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. 10. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე გავბედნიერდე ღვთ...