Posts

Showing posts from August, 2018

თამთა მელაშვილი - გათვლა

Image
„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული. *** პატარა ბიჭმა კანფეტი პირიდან ხელისგულზე დაიგდო, მეორე ხელით ჯიბიდან შენახული ქაღალდი ამოიღო და ხელახლა შეახვია. რას აკეთებ ბიჭო? ნინცოს გაუკვირდა, მე შემომხედა. მერე შევჭამ, ეხლა ხო ვჭამე. კიდე ხო გაქ, ნინცომ უთხრა, ხო მოგეცით კიდე? ჩემ დას მივცემ იმას, ბიჭმა თქვა, საცოდავად შემოგვხედა. კიდე არა გაქ? მიეცი, ნინცომ მითხრა. სულ მივეცი, რაც მქონდა, მე ვთქვი. კაი, რა გქვია შენა? ნინცომ ჰკითხა. გიორგი, იმან თქვა. გიორგი, კიდე გვექნება მალე და მოგცემთ კიდე, გაიგე? შენ არ მოიწყინო. ბევრი? იმან თქვა, თვალებმოჭუტულმა შემოგვხედა. არ სჯეროდა. აბა, ნინცომ უთხრა, მალე გვექნება. ომი დამთავ...

ჯულიან ბარნსი - დასასრულის განცდა

Image
„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა. ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს. *** არის ვითომ რამე, წამის ისარზე უფრო ურჩი და ჯიუტი? არადა, მხოლოდ უმცირესი სიხარული ან ტკივილი თუ გვასწავლის, რამდენად დამყოლია დრო. ზოგი განცდა აჩქარებს, სხვა, პირიქით, აუტანლად ანელებს; ხანდახან თითქოს საერთოდ იკარგება - იმ უკანასკნელ წუთამდე, როცა მართლა ქრება და აღარასდროს გიბრუნდება. *** მოწაფეობის ასაკში მაქსიმალისტობა ლამის საერთო სენია; არსებობს მხოლოდ „ჰო“ ან „არა“, უსაზღვრო განდიდება ან სრული დაგმობა, უპირობა ...

თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

Image
ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.  ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. *** 1968 წლის ზაფხულის დასაწყისისათვის ჩემი ერთადერთი შარვალი საბოლოოდ ასცდა კოჭებს და მოშიშვლებული წვივები მიჩანდა. თან უკან ისე გაიცრიცა, ფრთხილად ვჯდებოდი და მერე ადგომისას ხელით ვსინჯავდი, ვამოწმებდი...

უმბერტო ეკო - როგორ არ ვილაპარაკოთ ფეხბურთზე

Image
ფეხბურთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სტადიონზე იგივე მიზეზით არ დავდივარ, რის გამოც მილანის რკინიგზის სადგურის მიწისქვეშა გვირაბში არ გავათევ ღამეს (ან „ცენტრალ პარკში“ სეირნობას მოვერიდები საღამოობით), მაგრამ კარგ მატჩს დიდი სიამოვნებით ვუყურებ ტელევიზორში, რადგან ამ კეთილშობილი თამაშის ყველა ღირსებას ვაღიარებ და ვაფასებ. ფეხბურთი კი არ მძულს, ფეხბურთზე შერყეულებს ვერ ვიტან.  სწორად გამიგეთ. დაახლოებით იგივე გრძნობა მაქვს ფანების მიმართ, რაც „ლომბარდიის ლიგის“ წევრებს - იმიგრანტებისადმი: „რასისტი არ ვარ, მაგრამ საკუთარ სახლში დაეტიონ.“ „სახლში“ იმ ადგილებს ვგულისხმობ, სადაც იკრიბებიან ხოლმე (ბარები, ბინები, კლუბები) ან სტადიონებს, სადაც, სულ არ მაინტერესებს, რა ხდება. სიმართლე გითხრათ, თუ საქმეში ლივერპულის ფანები გაერევიან, მიხარია კიდეც: მეორე დილით კრიმინალურ ქრონიკას ვეწაფები: თუ გლადიატორთა შერკინებაა, სისხლი მაინც დაიღვაროს, მამაძაღლი!  ფანები იმიტომ არ მეხატებიან გულზე, რომ ერთი უცნაურობა სჭირთ: ვერ ხვდებიან, რომ შენც ფანი არა ხარ.  არ გეშვებიან, ისე გექც...

გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ვაჟა ფშაველაზე...

Image
ეთერ თათარაიძის მიერ ჩაწერი გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ვაჟაზე... ჩასულა მამაი (ვაჟა-ფშაველა) ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, - ეს ხდება ვერაზე, - იქ პოეტებს უქეიფებავ. მისალმებია მამაი. იმათ გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა.  მამა შესულა სანდროსთანა, დაუბანავ, დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი. მოქეიფეებთან რომ ჩამოუვლია, ვაჟა, შემობრძანდიო, ძალით შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა. ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო. რა ჰქენიო, გაჰკვირვებიათ. წეღან აქეთ არ გამოვიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და დაე, ღვინოც ამან დალიოსო. გამოსულა და წამოსულა. *** ეთერ თათარაიძე: „ერთხელ ვკითხე გულქანს, მამის სამარეზე ყოფილხარ-მეთქი?“ - მარტო შენ გეტყვი, ეთერო, - მიპასუხა, ყველას ვატყუებდი, რომ მინახავს, არადა, იმის სამარეს რ...

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსკენ

Image
1921 წლის 19 მარტი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავსადგურში, საცაა, ღუზას ამოიღებს გემი „ანატოლია“. გემზე საფრანგეთის დროშა ფრიალებს. გემბანზე ის უკანასკნელი მგზავრები დგანან, რომლებიც საქართველოს ტოვებენ. სულ ახლახან მათი ქვეყანა წითელმა არმიამ დაიპყრო. დაიწყო საქართველოს გასაბჭოება და ქვეყანას ტოტალიტარული დუმილის ფარდა დაეშვა. მგზავრებს შორის არიან ივანე ზურაბიშვილი და მისი მეუღლე ნინო ნიკოლაძე. თან ახლავთ ვაჟი, რომელსაც 15 წელი ჯერ არ შესრულებია. ოჯახის დანაზოგი მხოლოდ ტრიუმის ბილეთებს ეყო; მათ თან მიაქვთ 79 თურქული ლირა, რამდენიმე საოჯახო სამკაული და გულით უსაზღვრო წუხილი იმ ქვეყნის დამარცხების გამო, რომელიც უკან რჩება. მათ ვაჟს აქამდეც რამდენჯერმე უმოგზაურია ევროპაში. თუმცა, გული უგრძნობს, რომ ახლანდელი მგზავრობა ადრინდელს არ დაემსგავსება. ეს ბიჭი მამაჩემი ლევანია. ამავე გემზე ერთი ახალგაზრდა ქალიც არის ქმარ-შვილთან ერთად. ორსულადაა. თვალცრემლიანი უყურებს, როგორ შორდება გემი ბათუმის ნაპირს; გულმოკლული ფიქრობს, რომ მისი შვილი ალბათ, ისლამურ მიწაზე დაიბადება, კონსტანტინოპოლ...

ვაჟა-ფშაველას უკანასკნელი წერილი...

Image
ჩემო ჯალაფნო! ამას წინად წერილი გამოგიგზავნეთ და არ ვიცი, მოგივიდათ თუ არა. მე დიდი ავადობა და მწუხარება გამოვიარე, ხოლო დღეს-დღეისობით კარგადა ვარ, მაგრამ ექიმები წამოსვლის ნებას არ მაძლევენ.  ამ წერილს ნიკოს (რაზიკაშვილი - ბაჩანა) ვატან და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობსთ. პეტრეს (დიდებაშვილი - ვაჟას ცოლისძმა) საქმე გავაკეთე აქ ქალაქში და იმედია დუშეთშიაც გაკეთდებოდა. ასე რომ, ამ ბიჭს ისევ დუშეთში დასტოვებენ. მე ამ ცხრა-ათ დღეზე გავჩნდები მანდა. თქვენ იცით, მანდაურობას როგორ შეინახავთ და გაუფრთხილდებით. თამრო (ვაჟას მეუღლე), სათიბეებს უფრთხილდით, თვალი უნდა დაავლოთ ჩქარ-ჩქარა, თორო ხომ იცით ეხლანდელი ხალხის ამბავი. წისქვილი მაშინებდა, იქნება წყალმა წაიღო და ნიკომ მითხრა, ბეკურმა (ბაჩიაშვილი - ვაჟას ნათლიმამა) გაამაგრაო. აბა, შანაყარი და მოურავი მაგისთანა უნდა! რო მოვალ ერთი დიდი მენდალი მოუტანო წადი-მოდისა. მარადის თქვენი ერთგული ვაჟა 1915 წ. 11 თიბათვეს. [ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს] #თანსაკითხავი - ვაჟა-ფშაველა 156 ამბავი, გამომცელობა "არტანუჯ...

აკა მორჩილაძე - კუპიდონი კრემლის კედელთან

Image
იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს. *** რო შემევიდა ბალშევიკური რუსეთის ოთხი არმია საქართველოში მის ხელახლა გასაუქმებლათ, გამოვტყდეთ, დეიპყრო და დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ითქვას ფრანგულათაც, Republique democratique de Georgie, რახანამც მაშვინ ფრანგულობა იყო და, რაფერც ცნობილია, ქართული პასპორტის ერთი გვერდი ფრანგული იყო, მეორე - ქართული. *** რაფერს უყვართ თქმა საქართველოში, რომე ყოველივე მნიშვნელოვანი სიტყვა დედიდან მომდინარეობსო: დედა-ენა, დედა-ბოძი, დედა-მი...