უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინი - რა სწამს მას, ვისაც არ სწამს

„რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“ - უმბერტო ეკოსა და კარდიანლ მარტინის დიალოგი 1996 წელს, იტალიაში გამოიცა. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალსაზრისით; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები - ამ თემებზე უმბერტო ეკო და კარლო მარია მარტინი საუბრობენ. 
გამომცემლობა „დიოგენე“, 2012 წ.

ახალი აპოკალიფსის შიშით შეპყრობილი საერო სამყარო - უმბერტო ეკო, მარტი 1995წ.

...აჩრდილთა ძალა ხომ სწორედ მათ არარეალურობაშია.

მხოლოდ მას შეუძლია შეიყვაროს ამქვეყნიური, მიწიერი, ვისაც ისტორიის მიმართულების შეგრძნება აქვს (თუნდაც მეორედ მოსვლა არ სწამდეს) და სწამს - მოყვასის სიყვარულით - რომ კიდევ არსებობს ადგილი იმედისათვის.

იმედი აღსასრულს მიზნად აქცევს - კარდინალი მარტინი, მარტი 1995წ.

მორალურ შეფასებებში ხომ ასე ადვილად წარმოიშობა ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა.

მომავლის შიში მარად არსებობს და მილენარიზმები გამუდმებით მეორდება საუკუნეთა მანძილზე, როგორც სექტების, ისე იმ ფარული ქილიაზმების სახით, რომლებიც სიღრმისეულად ასულდგმულებს დიდ უტოპიურ მოძრაობებს. თანაც დღეს წარსულის ფანტაზიების ადგილს ეკოლოგიური საფრთხე იკავებს და მეცნიერულობა კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდის მას.

„აპოკალიფსებში“ მთავარი თემა, ჩვეულებრივ, აწმყოდან გაქცევაა ხოლმე, თავის შეფარება მომავალში, რომელიც სამყაროს არსებული სტრუქტურების შერყევით, ძალით დაამყარებს ღირებულებათა საბოლოო წესრიგს თავად წიგნის ავტორის მოლოდინსა და იმედების შესაბამისად. აპოკალიფსური ლიტერატურის უკან უმძიმესი რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური განსაცდელით დათრგუნულ ადამიანთა ჯგუფები დგანან, რომლებიც, რაკიღა ამჟამინდელ ქმედებაში ვერ ხედავენ გამოსავალს, რაღაც ახალ ხანას ელიან, როცა კოსმოსური ძალები ამქვეყნად გაილაშქრებენ მტრის დასამარცხებლად. უნდა ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, ყველა „აპოკალიფსში“ დიდი უტოპიური დატვირთვა და იმედის მარაგია, თუმცა კი ეს ყველაფერი აწმყოსთან სასოწარკვეთილ შეგუებასთანაა შერწყმული.

არსებობს სიღრმისეული humus (საფუძველი), რომელსაც ეყრდნობა მოაზროვნე მორწმუნეც და არამორწმუნეც, თუმცა კი, ალბათ, სხვადასხვა სახელს არქმევენ მას. მოქმედების დრამატულ მომენტში შინაარსს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სახელს და ყოველთვის არ ღირს quaestio de nomine (აქ: კამათი სახელის გამო), როდესაც საქმე კაცობრიობისათვის არსებითი ღირებულებების დაცვასა და განვითარებას ეხება.

ადამიანი მხოლოდ იმას ნანობს, რის გაკეთებაც, როგორც ხვდება, უკეთ შეეძლო. საკუთარ შეცდომებზე კი ის რჩება მიჯაჭვული, ვინც შეცდომებს არ აღიარებს, რადგან წინ უკეთესს ვერაფერს ხედავს და საკუთარ თავს ეკითხება, რატომ უნდა შეელიოს იმას, რაც ახლა აქვს.

როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე? - უმბერტო ეკო, ივნისი 1995წ.

თუკი დიალოგი უნდა შედგეს, მან იმ ზღვარზეც უნდა გაიაროს, სადაც თანხმობას ვერ ვაღწევთ.

...ის, რომ ურმუნოს ღვთის არსებობა არ სწამს, ხოლო მორწმუნეს - ცხადია, სწამს, მათ შორის გაუგებრობის კი არა, ერთმანეთის მრწამსის პატივისცემის განმაპირობებელი უფროა. კრიტიკული წერტილი იქაა, სადაც უთანხმოებიდან შეიძლება დაპირისპირება და უფრო ღრმა ურთიერთგაუგებრობა იშვას, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ სიბრტყეებზე აისახება.

სიცოცხლის აფრიალებული ბაირაღი ყოველ სულს აღელვებს, განსაკუთრებით კი, ვიტყოდი, სწორედ არამორწმუნეების, მეტიც, ყველაზე მხურვალე ათეისტების სულს, რადგან ისინი, იმის გამო, რომ არანაირი ზებუნებრივი ინსტანცია არ სწამთ, სწორედ სიცოცხლის იდეაში, მის გრძნობაში ხედავენ ეტიკის ერთადერთ ღირებულებას, ერთადერთ წყაროს, თუკი ასეთი რამ არსებობს.

ყოველ ჩვენგანს შეაძრწუნებდა ღორისთვის ყელის გამოჭრა, მაგრამ ლორს მშვიდად მივირთმევთ. მდელოზე არასოდეს გავჭყლეტდი მუხლუხოს, მაგრამ კოღოებს გააფთრებით ვებრძვი. ფუტკარი და კრაზანა ავიღოთ: მათგან აშკარად კრაზანის დისკრიმინაციას ვეწევი (თუმცა კი, შეიძლება, ჩემთვის ორივე თანაბარ მუქარას წარმოადგენდეს, მაგრამ, ალბათ, პირველის ღირსებებს ვაღიარებ და მეორისას არა).

იმის განსაზღვრა, რა არის სიცოცხლე, ან საიდან იწყება ის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ადამიანის სიცოცხლე - ღვთის სიცოცხლის თანაზიარი - კარდინალი მარტინი, ივნისი 1995წ.

ერთია ლაპარაკი ადამიანის სიცოცხლისა და მისი დაცვის შესახებ ეთიკური თვალსაზრისით, და მეორეა საკითხი, კონკრეტულად როგორ შეძლებს კანონმდებლობა, უკეთესად დაიცვას ეს ღირებულებები განსაზღვრულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სიტუაციაში.

საზღვარი ყოველთვის არასანდო ნიადაგია.

ხშირად ფიქრობენ და წერენ, რომ ადამიანის სიცოცხლე კათოლიკეთათვის უმაღლესი ღირებულებაა. ასეთი მიდგომა, სულ ცოტა, არაზუსტია და არ შეესაბამება სახარებას: „და ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა“ (მათე, 10, 28). სიცოცხლე, რომელსაც სახარებისათვის უზენაესი ღირებულება აქვს, არც ფიზიკურია და არც ფსიქიკური (რომელთათვისაც სახარება ბერძნულ ტერმინებს - bios და psyche-ს იყენებს), არამედ ის ადამიანისათვის გადაცემული ღვთაებრივი სიცოცხლეა, (რომლისთვისაც გამოყენებულია ტერმინი zoe). ეს სამი ტერმინი ახალ აღთქმაში მკვეთრადაა გამიჯნული ერთმანეთისაგან და პირველი ორი დაქვემდებარებულია მესამეს: „ვისაც თავისი სული (psyche) უყვარს, დაიღუპავს მას; და ვისაც თავისი სული (psyche) სძულს ამქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისთვის (zoe) შეინახავს მას“ (იოანე 12, 25). ამიტომ, როდესაც ხაზგასმით ვწერთ „სიცოცხლეს“, უპირველეს ყოვლისა, იმ უზენაეს და უკონკრეტულეს სიცოცხლესა და ყოფნას უნდა მოვიაზრებდეთ, რასაც ქრისტე თავის თავს უწოდებს („მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ - იოანე, 14, 6) და რომლის თანაზიარობა ყოველ მამაკაცსა თუ ქალს ევალება. ამქვეყნად უზენაესი ფასეულობა ღვთაებრივი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანია.

მამაკაცები და ქალები ეკლესიის თანახმად - უმბერტო ეკო, ოქტომბერი 1995წ.

როდესაც რომელიმე აღმსარებლობის წარმომადგენელი ავტორიტეტული პიროვნება ბუნებრივი ეთიკის პრინციპების შესახებ გამოთქვამს აზრს, საერო პირებმა უნდა აღიარონ მისი ეს უფლება: შეუძლიათ, დაეთანხმონ, ან არ დაეთანხმონ მის პოზიციას, მაგრამ არავითარი უფლება არ აქვთ, მისი გამოხატვის უფლება გააპროტესტონ, თუნდაც იგი არამორწმუნის ცხოვრების წესს აკრიტიკებდეს. საერო პირები მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებიან მართალი: თუ რომელიმე აღმსარებლობა ეცდება, არამორწმუნეებს (ან სხვა აღმსარებლობის მიმდევრებს) ისეთი ნორმები მოახვიოს თავს, რომელსაც სახელმწიფო კანონმდებლობა ან მათი რელოგიის კანონები კრძალავს, ან პირიქით, აუკრძალოს ისეთი რამ, რაც სახელმწიფოს, ან მათი რელიგიის კანონებით ნებადართულია.

სად ჰპოვოს არამორწმუნემ სიკეთის სხივი? - კარდინალი მარტინი, იანვარი 1996წ.

ძალე მნიშვნელოვანია, არსებობდეს საერთო საფუძველი ეთიკის საკითხებში მორწმუნეთა და არამორწმუნეთათვის, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა ადამიანის წინსვლის, სამართლიანობისა და მშვიდობისათვის. ცხადია, საერთო გრძნობისა და ქმედების საფუძველი ადამიანის ღირსების ცნებაა: არასოდეს გამოიყენო საშუალებად სხვა; ყოველთვის, ყველა შემხვევაში პატივი ეცი მის ხელშეუხებლობას; შეუვალ სინამდვილედ მიიჩნიე თითოეული ადამიანი.

როცა სცენაზე გამოდის სხვა, იბადება ეთიკა - უმბერტო ეკო, იანვარი 1996წ.

მტკიცედ მწამს, რომ პიროვნული და მფარველი ღვთაების რწმენის გარეშეც არსებობს რელიგიურობის ფორმები და ამრიგად - სიწმინდის, საზღვრის, შეკითხვის, მოლოდინის შეგრძნება, რაღაც იმგვარის შეგრძნება, რაც ჩვენზე მაღლა დგას.

ადვილი არც იდუმალებაა და არც სიცხადე.

ეთიკური განზომილება მაშინ იბადება, როცა სცენაზე სხვა გამოდის. ყოველი კანონი, მორალური თუ იურიდიული, ადამიანთა შორის ურთიერთობას არეგულირებს, იმ სხვასთან ურთიერთობის ჩათვლითაც, ვინც ამ კანონს გვიწესებს.

სხვისი აღიარების გარეშე ტყეში მიტოვებული ახალშობილი ვერ გაადამიანდება (ან ტარზანივით, რადაც უნდა დაუჯდეს, ეცდება, მაიმუნში მოძებნოს სხვა). ალბათ, დავიხოცებოდით ან გავგიჟდებოდით, ისეთ საზოგადოებაში რომ გვეცხოვრა, სადაც არასოდეს არავინ შემოგვხედავდა და ყველა უგულებელყოფდა ჩვენს არსებობას.

ქრისტე მხოლოდ ერთი დიდი გამონაგონიც რომ ყოფილიყო, ის, რომ ეს ამბავი წარმოიდგინა, მიიღო და ირწმუნა უბუმბულო ორფეხმა, რომელმაც მხოლოდ ის იცის, რომ არაფერი იცის, ისეთივე სასწაულებრივია (სასწაულებრივად იდუმალი), როგორც ღვთის ძის განკაცება. ეს ბუნებრივი და მიწიერი საიდუმლო მაინც სამარადჟამოდ ააღელვებდა და შეძრავდა იმათ გულბს, ვისაც არ სწამს.

მაგრამ ეთიკას ჭეშმარიტება სჭირდება - კარდინალი მარტინი, მარტი 1996წ.

ადამიანებს არ დასჭირვებიათ, დალოდებოდნენ ქრისტიანობას, რათა ზნეობრივნი ყოფილიყვნენ და საკუთარი თავის წინაშე მორალური პრობლემები წამოეჭრათ. ეს იმის ნიშანია, რომ ეთიკა ადამიანურობის ძირითადი ელემენტია, რომელიც ყოველ ადამიანშია ჩადებული.

რა თქმა უნდა, იცვლება გარემოებები, მაგრამ არ იცვლება ქცევის საფუძვლები. არა მგონია, მორალის არსი და მისი მთავარი ღირებულებები დროის მიხედვით იცვლებოდეს;

რა სწამს მას, ვისაც არ სწამს? სიცოცხლე მაინც უნდა გვწამდეს...