მაგანა | ზვიად კვარაცხელია
გაშერებული ვარ, წე! ასე მალე რაფერ გაიგეს, ალბათ კუდში ედგნენ ის მამაძაღლები, თორე ორი საათი არც იყო გასული... ეზო-კარს მაინც განახებთ, ზამთარშია ასე გაღლეტილი და შიშველი, შემოდგომაზე უნდა ჩამოხვიდეთ, ავ თვალს არ ენახვება-მეთქი, მაგრამ დამიშალეს, სიფრთხილეა საჭირო, შენ მეტმა არავინ უნდა გაიგოს, აქ რომ ვართო. უპატივცემოთ მეშარე, მგზავრი არ გამიშვია-თქო, არ დავიხიე უკან. გამაჩუმეს: შენთვის აჯობებს, თუ არ იტრაბახებ, პატივცემა მერეც მოესწრება, ახლა ჩუმად ყოფნა გერჩივნოსო. ოჯახობას შევუძახე, – დატრიალდი, შე ქალო, ამხელა კაცი გვესტუმრა და თავი არ შევირცხვინოთ, ხო იცი, ქალაქელებს წესრიგი უყვართ, დროზე გაამზადე, არაფერი დაგენანოს-თქვა. ნუ შეწუხდებითო, – მაშინ ამოიღო ხმა იმან, მშვიდად თქვა, მორიდებულად. – რას ბრძანებთ, პატენი, – მივეჭერი ჩემი მასპინძლობით გულმოცემული, – ამოდენა გზა გამოიაროთ და სუფრის გაშლა დამენანოს?! სადაური კაცობაა, გლეხი კი ვარ, მაგრამ ასეთები მესმის, არ შემეშლება. გაეღიმათ. გარეთ გამოვედი, გადახურულში შეშა მქონდა დაპობილი, გამხმარი, შემოვზიდე, რისი აღებაც შ...